პატიმრის გარდაცვალება

გეგუთის ციხეში, პატიმრებს შორის დაპირისპირებისას, მსჯავრდებული გარდაიცვალა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს განცხადებით, გეგუთის ციხეში პატიმრებს შორის დაპირისპირების შედეგად, ერთ-ერთი მსჯავრდებული გარდაიცვალა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის, თავისა და ყელის არეში.

„2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 2:30 საათზე, გეგუთის N14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. პირველადი ინფორმაციით, გარდაცვლილ პატიმარს მრავლობითი დაზიანებები აქვს მიყენებული, მათ შორის, თავისა და ყელის არეში. გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გახდება ცნობილი. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. ადგილზე იმყოფება საქმის ზედამხედველი პროკურორიც“, - აცხადებს სასჯელაღსრულების სამინისტრო.

გეგუთის მე-14 კოლონიაში ამ დრომდე იმყოფებიან სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომლები. ისინი წუხელ მომხდარ ფაქტს იკვლევენ. ამასთან, ციხესთან შეკრებილი არიან პატიმრების ოჯახის წევრები. მათი განცხადებით, სამართალდამცველები მსჯავრდებულების ნახვის შესაძლებლობას არ აძლევენ და არ იციან, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა.

კომენტარები