უკრაინა-NATO

NATO მზადაა, ითანამშრომლოს უკრაინასთან და დაეხმაროს რეფორმების გატარებაში

nato. int

NATO-ს წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებმა უკრაინის შესახებ განცხადება გაავრცელეს, რომელშიც წერია, რომ ორგანიზაცია მზადაა, უკრაინასთან თანამშრომლობა განაგრძოს და დაეხმაროს რეფორმების გატარებაში.

"ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ყურადღებით დაკვირვებას. ვწუხვართ მსხვერპლის გამო. მივესალმებით ფაქტს, რომ ძალადობა შეჩერდა მოლაპარაკებებით, რომელმაც მშვიდობიანი შედეგი მოიტანა. ხაზს ვუსვამთ დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული პოლიტიკური პროცესის მნიშვნელობას, ადამიანის უფლებების პატივისცემას, უმცირესობების პატივისცემას და კანონის უზენაესობას, რომელიც ასრულებს სრულიად უკრაინელი ხალხის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

NATO-სა და უკრაინას აქვს გამორჩეული პარტნიორობა, რასაც NATO-უკრაინის კომისია ახორციელებს. NATO მზადაა, განაგრძოს უკრაინასთან თანამშრომლობა და დახმარება რეფორმების გატარებაში. თავდაცვის რეფორმა და სამხედრო თანამშრომლობა კვლავ რჩება პრიორიტეტად. მივესალმებით, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ კრიზისში არ ერევიან. დემოკრატიაში აუცილებელია, რომ შეიარაღებული ძალები პოლიტიკურ პროცესებში არ ერეოდნენ. ხაზს ვუსვამთ თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორზე დემოკრატიული კონტროლის გაძლიერების საჭიროებას, პარლამენტის ეფექტური მეთვალყურეობითა და სამოქალაქო საზოგადოების ძლიერი ჩართულობით. ცოტა ხნის წინ მომხდარი ტრაგიკული მოვლენების კონტექსტში, გამჭვირვალე დემოკრატიული და ანგარიშვალდებული ინსტიტუციები აუცილებელია უკრაინის მომავლისთვის.

NATO აგრძელებს უკრაინული სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპის მხარდაჭერას, როგორც სტაბილურობისა და უსაფრთხოების ძირითად ფაქტორებს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში და სრულიად კონტინენტზე." - წერია განცხადებაში.

კომენტარები