გიორგი ონიანის საქმე

ონიანის ადვოკატი: პროკურატურის დღევანდელი განცხადება სრული აბსურდია

primetimenews.ge

ადვოკატ გიორგი ონიანის ადვოკატი მალხაზ ველიჯანაშვილი პროკურატურის დღევანდელ განცხადებას სრულ აბსურდს უწოდებს. მისი თქმით, მათთვის ცნობილი იყო, რომ საქმეში დაკითხულ მოწმეებზე, ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებზე ზეწოლა მიმდინარეობდა. აღნიშნულ პირებს თვეების განმავლობაში იბარებდნენ და გოგა ონიანზე ჩვენების მიცემას აძალებდნენ.

რაც შეეხება უშუალოდ ბრალს და საქმეში მონაწილე პირს დავით შათირიშვილს, მალხაზ ველიჯანაშვილის ცნობით, დავით შათირიშვილთან დაკავშირებით დამდგარია განაჩენი და ის დანაშაულს აღიარებდა.

"შათირიშვილი, როგორც ვიცი, აღიარებდა დანაშაულს. როგორც ვიცი, ასევე დაჯარიმებული იყო, იმ დროს დაუდგინდა ნარკოტიკების მოხმარება. ყველამ შეიძლება დღეს განაცხადოს, რომ მას ჩაუდეს ნარკოტიკი", - აღნიშნა მალხაზ ველიჯანაშვილმა.

ველიჯანაშვილის თქმით, გიორგი ონიანის ბრალდებაში საუბარი ნარკოტიკების ჩადებაზე საერთოდ არ არის. ადვოკატის განცხადებით, ეს "ბინძური პიარია, რომ ადამიანს საზოგადოების თვალში მდგომარეობა დაუმძიმონ". ველიჯანაშვილმა აღნიშნა, რომ გიორგი ონიანის ბრალდებაში საუბარია სამსახურებრივ გულგრილობაზე, უფლებამოსილების გადამეტებაზე.

მალხაზ ველიჯანაშვილმა ჩაფიძის კარდიოლოგიურ კლინიკაში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მონახულება ვერ შეძლო, რადგან გიორგი ონიანს ამ წუთებში კვლევები უტარდება. თუმცა, პაციენტი მოინახულა მისმა კიდევ ერთმა ადვოკატმა ცისმარი ონიანმა, რომელმაც ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ გიორგი ონიანს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება და ის ნაცემი არ არის.

კომენტარები