იუნკრების ხსოვნის დღე

წულუკიანი: დღევანდელი საქართველო იუნკრების დაწყებულ საქმეს აგრძელებს

1921 წლის 18-25 თებერვალს კოჯორ-ტაბახმელასთან დაღუპული იუნკრები დღეს დეპუტატებმა, მინისტრებმა და დაღუპულთა შთამომავლებმა გაიხსენეს. ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებით, დღეს საქართველო იმ იდეისთვის ბრძოლას განაგრძობს, რისთვისაც 1921 წელს იუნკრები დაეცნენ. მათ პარლამენტის ეზოში მდებარე იუნკერთა ხსოვნის მემორიალი თაიგულით შეამკეს. 

თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას შეფასებით, იუნკრების ბრძოლა და მათი სულიერი სიმტკიცე ყველა ქართველისთვის მაგალითია.

"ჩვენი ჯარი, ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები, თავიანთი ქვეყნის სამსახურს ზუსტად ასეთივე სიმხნევით განაგრძობენ. მათ ბედნიერება ხვდათ წილად, ქვეყნისთვის ბრძოლაში დაცემულიყვნენ - ეს საოცნებოა ყველა ჯარისკაცისთვის", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

იუსტიცის მინისტრის თეა წულუკიანის აზრით კი, დღევანდელი საქართველო იუნკრების დაწყებული საქმის გამგრძელებელია.

"ჩვენ პატივს იმ იუნკრებს მივაგებთ, რომლებმაც ჩვენი მომავლისთვის იბრძოლეს და თბილისის მისადგომებთან დაეცნენ. რეალურად, მათი დამსახურებაა ის, რომ დღეს ჩვენ თავისუფალი ქვეყანა ვართ და დღეს ჩვენ როგორც მათი შთამომავლები, ვაგრძელებთ ბრძოლას, იმისათვის, რომ ასოცირების ხელშეკრულება იყოს ხელმოწერილი და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა დაცული", - განუცხადა ჟურნალისტებს თეა წულუკიანმა.

კომენტარები