გია ხუროშვილი

გია ხუროშვილი: ფიზიკური ანგარიშსწორებით მემუქრებოდნენ

primetimenews.ge

საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მის მიმართ განხორციელებული მუქარის გამოძიებას ითხოვს. გია ხუროშვილის განცხადებით, მას ფიზიკური ანგარიშსწორებით ემუქრებოდნენ. როგორც მან საგანგებო ბრიფინგზე თქვა, უკვე ერთი თვეა მასზე, როგორც გამგებელზე, მიმდინარეობს სისტემატიური ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით. მისივე მტკიცებით, ამას მოჰყვა პირდაპირი ქურდული გარჩევის სერია ირაკლი შიხიაშვილთან, რაც გაგრძელდა დაუფარავი მუქარით და უკანონო ფარული თვალთვალით.

ხუროშვილის თქმით, ინგა გრიგოლიას გადაცემის დასრულების შემდეგ, 00:36 საათზე მას დაურეკეს და "უგონოდ მთვრალ მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი" დაემუქრა ფიზიკური ანგარიშსწორებით, მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და ითხოვდა დაუყოვნებლივ შეხვედრას.

საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ითხოვს შს სამინისტროსგან, დაინტერესდეს, უკანასკნელი ორი თვის მანძილზე რომელი უწყების ბალანსზე იმყოფებოდა აღნიშნული ტელეფონის ნომერი, ვინ სარგებლობდა ამ ნომრით და ვინ განახორციელა მუქარის ზარი. ხუროშვილის თქმით, ეს არის გაგრძელება იმ პოლიტიკური ზეწოლისა და მოთხოვნებისა, რომ მან უარი თქვას გამგებლების კონკურსში მონაწილეობაზე. მისივე განმარტებით, ზუსტად იცის ვინ სარგებლობს აღნიშნული ნომრით, თუმცა გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ამ ინფორმაციას არ გაახმაურებს.

გია ხუროშვილი მიმართავს შს სამინისტროს, მისი საჯარო განცხადება მიიღოს სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძვლად. თავად საბურთალოს რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი მზად არის, გამოძიებას ნებისმიერ დროს მისცეს ჩვენება, "რათა გაირკვეს თუ ვინ არის პროვოკაციული სქემის მონაწილე და გამოიკვეთოს რა დაინტერესება აქვს ამ ჯგუფს".

ცნობისთვის, პარასკევს, 14 თებერვალს, ტელეკომპანია იმედის ეზოში, გადაცემა რეაქციის დასრულებისთანავე, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის და უმცირესობის დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რაც მალევე გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაში. ფაქტის ამსახველი ვიდეომასალა ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა.

გადაცემა რეაქციის პირველი ბლოკის თემა დედაქალაქის 2014 წლის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა იყო. დებატებში მონაწილეობა თბილისის მთავრობის და საკრებულოს წარმომადგენლებმა მიიღეს, თუმცა საუბარი ურთიერთდაპირისპირების რეჟიმში წარიმართა.

კომენტარები