თბილისის ბიუჯეტი

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი მეორედაც ჩააგდო

საკრებულომ თბილისის ბიუჯეტი მეორედაც ჩააგდო. საკრებულოში ბიუჯეტზე მსჯელობა მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოს საფინანსო საბიუჯეტო კომისიამ უარყოფითად შეაფასა. საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით, მერიამ ბიუჯეტი ფინანსური აქტივების ხარჯზე გაზარდა და თუ მთავრობამ 100 მილიონი ლარის ქონება ვერ გაყიდა, ბიუჯეტი არ შესრულდება. ირაკლი შიხიაშვილის თქმით, ნაციონალური მოძრაობა მომავალ არჩევნებში ვერ გაიმარჯვებს და ახალი მთავრობისთვის საბოტაჟის მოწყობას ცდილობს. საკრებულოს თავმჯდომარესა და უმცირესობის წევრებს შორის მომხდარი შელაპარაკების შემდეგ უმცირესობის წევრმა სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა. 

თბილისის მერიამ საკრებულოს ალტერნატივის სახით ბიუჯეტის პროექტში ყველა მუხლის 10 %-ით შემცირება შესთავაზა. საკრებულოს თავმჯდომარემ ბიუროს სხდომაზე ეს შეთავაზებაც უარყო.

უმრავლესობა მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის გადადგომას მოითხოვდა. მერის მოვალეობის შემსრულებელი კი აცხადებდა, რომ თუ საკრებულო ბიუჯეტს დაამტკიცებდა და ირაკლი შიხიაშვილი თავმჯდომარის პოსტს დატოვებდა, მთავრობაც გადადგებოდა.

ბიუჯეტის პროექტი საკრებულოში პირველად გასული წლის 29 დეკემბერს ჩავარდა. თუ ბიუჯეტი 11 მარტამდე არ დამტკიცდება, საკრებულოს და მთავრობას უფლებამოსილება შეუჩერდება. მათ შემცვლელებს კი, ცენტრალური ხელისუფლება დანიშნავს.

კომენტარები