ჰაკათონი თბილისში

ევროპაში უდიდეს ჰაკათონს თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტები უმასპინძლებენ

uniHack

ევროპაში ყველაზე დიდ სტუდენტურ ჰაკათონს, 14-15-16 მარტს, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების კამპუსი უმასპინძლებს.

სტუდენტური ორგანიზაცია uniHack-ისა და თავისუფალი უნივერსიტეტის MACS-ის სკოლის ერთობლივი ორგანიზებით, 14-15-16 მარტს, თბილისში, საქართველოსთვის უპრეცედენტო მასშტაბის ჰაკათონი ჩატარდება. ჰაკათონი ორ დღიანი შეჯიბრია, რომელშიც პროგრამისტები, დეველოპერები, დიზაინერები და ინჟინრები, მთელი საქართველოს უნივერსიტეტებიდან და სკოლებიდან, მიიღებენ მონაწილეობას. hack@­MACS-ში მონაწილეობას მიიღებს 500-მდე სტუდენტი და მოსწავლე. მსგავსი სიდიდის სტუდენტური ჰაკათონი ევროპის კონტინენტზე პირველია.

ჰაკათონის მონაწილეები თითქმის 48 საათის განმავლობაში შეეცდებიან საკუთარი იდეები რეალობად აქციონ, ისწავლონ, მიიღონ უნიკალური გამოცდილება და დაეუფლონ საპრიზო ფონდს, რომელიც 20,000 ლარს შეადგენს. hack@­MACS ღიაა ყველანაირი გამოცდილების სტუდენტებისთვის და მოსწავლეებისთვის.

ჰაკათონის პარალელურად ასევე გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციები და tech talk-ები, რომლებზე დასწრებაც ჰაკათონის მონაწილეების გარდა, სტუმრის სტატუსით, ყოველგვარი წინასწარი რეგისტრაციის გარეშე, ნებისმიერ მსურველს შეეძლება.სპონსორებს ასევე ექნებათ შესაძლებლობა, პარალელურად, გამართონ ვორქშოპები და უშუალო ურთიერთობაში შევიდნენ პოტენციურ კადრებთან.

uniHack სტუდენტური ორგანიზაციაა, რომელიც გასული წლის დეკემბერში ჩამოყალიბდა. გასული წლის დეკემბერში, მათი ორგანიზებით, კავკასიის ტექნოლოგიების სკოლაში საქართველოს პირველი სტუდენტური ჰაკათონი გაიმართა.

კომენტარები