რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა

ფანჯიკიძე: საქართველოს უმაღლეს პირებს პუტინთან შეხვედრის მზადყოფნა აქვთ

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას არ გამორიცხავს.
ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრის მზადყოფნა საქართველოს უმაღლეს პირებს აქვთ, თუმცა, მისი თქმით, ამას ძალიან სერიოზული მომზადება სჭირდება.

"საქართველოსა და რუსეთის უმაღლეს პირებს შორის შეხვედრას მე არ გამოვრიცხავ. არც არასდროს გამოვრიცხავდი მას შემდეგ, რაც საქართველომ დაიწყო რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, თუმცა ასეთი შეხვედრის მომზადება არის ძალიან სერიოზული საქმე, მას სჭირდება გარკვეული პერიოდი და ეს ვერ მოხდება დღეს და ხვალ. ამასთან, თუკი ამ მიმართულებით მუშაობას დავიწყებთ, მას უნდა მოჰყვეს კონკრეტული შედეგები, თუმცა, შეხვედრის მზადყოფნა საქართველოს უმაღლესი პირებიდან არსებობს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ და აღნიშნა, რომ "აბაშიძე-კარასინის ფორმატი კარგია, მაგრამ ის ჩვენს მთავარ პრობლემას ვერ წყვეტს".

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ქვეყნის დეოკუპაცია და გამთლიანებაა.

ცნობისთვის, 10 თებერვალს, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ მზად არის, ქართველ კოლეგას შეხვდეს. ჟურნალისტების კითხვას, შეხვდება თუ არა პუტინი საქართველოს პრეზიდენტს, მან უპასუხა - "თუ მოისურვებს, რატომაც არა".

საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის თქმით, ის "ვლადიმირ პუტინის რეპლიკას ზედმიწევნით და სერიოზულად გააანალიზებს". მარგველაშვილის განცხადებით, ნებისმიერ ასეთ მესიჯს, რომელიც მოდის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისგან, დიდი ყურადღებით ადევნებს თვალს.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის მზაობა გამოთქვა საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმაც.

კომენტარები