ეკონომიკური ზრდა

ღარიბაშვილი: ეკონომიკაში ხდებოდა ქაოსი, ჩვენ დავიწყეთ გაჯანსაღება

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

ვეთანხმები ბიძინა ივანიშვილის შენიშვნას, არასწორად ვიხმარე ტერმინი - ეკონომიკური ვარდნა, რა თქმა უნდა, არ ყოფილა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ეკონომიკა უბრალოდ შენელდა.

"ადგილობრივი წარმოება გაანადგურა ნაციონალურმა მოძრაობამ. საქართველო 80%-ით არის დამოკიდებული იმპორტირებულ საქონელზე. გაიხედეთ, რეგიონებში რა ხდება, სოფლის მეურნეობაში რა ხდებოდა", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, წინა ხელისუფლება ხელოვნურად ახდენდა ეკონომიკის სტიმულირებას: მთავრობის სასახლის, პარლამენტის და სხვა მსგავსი ინფრასტრუქტურის მშენებლობით, ეკონომიკა იზრდებოდა, თუმცა მოქალაქესთვის კონკრეტული სარგებელი არ მოჰქონდა. "გლეხი არ უნდა იყოს მშიერი - ეს არის დანაშაული. ეკონომიკაში ხდებოდა ქაოსი და მიზანმიმართული დამანგრეველი პოლიტიკა. ჩვენ დავიწყეთ ეკონომიკის გაჯანსაღება და რეალური საფუძვლის ჩაყრა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, ინვესტორები ადრე თავს იკავებდნენ ინვესტიციებისგან, რადგან პოლიტიკური არასტაბილურობის ეშინოდათ, ბოლო ორ კვარტალში კი გამოცოცხლება შეინიშნება. "მსოფლიო ბანკის მიხედვით, წელს გვაქვს მოსალოდნელი 6.3%-იანი ზრდა. ჩვენ გავთვალეთ 5%-ზე, მაგრამ აბსოლუტურად შეიძლება გავიდეთ 6%-ზე", - აღნიშნა ღარიბაშვილმა. მისი თქმით, დასაქმება არის მთავარი გამოწვევა.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ხაზინის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, 2013 წელს ბიუჯეტი თითქმის მილიარდი ლარით გაირღვა, ხოლო მთავრობის მიერ პროგნოზირებული 6%-ის მაგივრად, ეკონომიკა 3.1%-ით გაიზარდა.

კომენტარები