კულტურის სამინისტრო

ღარიბაშვილი მიზანდარზე: თუ არ მოგწონს მინისტრი, უნდა წახვიდე

ირაკლი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

მარინე მიზანდარის საქციელი ცდება გუნდურობის დაწერილ და დაუწერელ კანონებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია იმედის ეთერში კულტურის სამინისტროში არსებული მდგომარეობის კომენტირების დროს განაცხადა.

ღარიბაშვილის თქმით, მან დაიცვა ფორმალობა და დააკმაყოფილა მინისტრ ოდიშარიას შუამდგომლობა მარინა მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. "თუ ხარ მოადგილე და არ მოგწონს მინისტრი ანუ შენი ხელმძღვანელი, შენ უბრალოდ უნდა წახვიდე. არ არის აუცილებელი, რომ მინისტრმა გაგიშვას. მინისტრს უნდა ჰქონდეს სრული თავისუფლება, რომ მართოს თავის უწყება. თუ დგება მენეჯმენტის პრობლემები, იქ გაკეთებული საქმე ვერ იქნება ეფექტური", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრის თქმით, კულტურის მინისტრსა და მის მოადგილეს შორის უფრო პიროვნული ხასიათის პრობლემები იყო. "ვესაუბრე ოდიშარიას და დამიდასტურა, რომ ეს კონფლიქტი არ დაწყებულა საყდრისით. მთელ რიგ საკითხებზე ვერ თანხმებოდნენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, საყდრისთან მიმართებაში სამინისტრო იმოქმედებს იმ დასკვნის მიხედვით, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით შექმნილმა კომისიამ მოამზადა. "სამინისტრო უნდა დაეყრდნოს ექსპერტების ანალიზს - უნდა მოიწვიოს და მიიღოს გადაწყვეტილება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმინისტრმა მოუწოდა კულტურის სამინისტროს გაასაჯაროვოს კომისიის დასკვნა.

კომენტარები