საყდრისი

მიზანდარი: კულტურის მინისტრთან ძირითადი უთანხმოება საყდრისის თემაზე მქონდა

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა გურამ ოდიშარიამ თავისი პირველი მოადგილის მარინე მიზანდარის თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, 5 თებერვალს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მარინე მიზანდარის განმარტებით, საკითხი განხილვის პროცესშია და ირაკლი ღარიბაშვილს ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია.

კულტურის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ოფიციალურ წერილში გათავისუფლების მიზეზად დაუმორჩილებლობა და მითითებების შეუსრულებლობა სახელდება. მიზანდარი მინისტრის გადაწყვეტილების მიღების მიზეზად, მასთან რამდენიმე საკითხზე უთანხმოებას, განსაკუთრებით კი, საყდრისის თემას ასახელებს. მინისტრის მოადგილის განმარტებით, 27 იანვარს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭოზე საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საკითხი გაიტანა განსახილველად. მინისტრსა და მოადგილეს შორის დაპირისპირების ძირითადი მიზეზი სწორედ საბჭოს დადებითი რეკომენდაცია გახდა. 

"მართვასთან დაკავშირებულ საკითხებშიც იყო რაღაც უთანხმოება. მაგრამ ყველაფერი უფრო საყდრისის საკითხს უკავშირდება", - განაცხადა მიზანდარმა. კულტურის მინისტრის მოადგილის თქმითვე, მისთვის ცნობილი იყო, რომ ოდიშარია მის თანამდებობიდან გადაყენებას აპირებდა.

"მითხრა, თუ არ შევიცვლიდი თვალსაზრისს, მიდგომას, უკიდურეს ზომებს მიმართავდა. ალბათ, სწორედ ამას გულისხმობდა", - დასძინა მარინე მიზანდარმა.

მისივე თქმით, თავად კულტურის მინისტრის მოადგილის პოსტიდან გადადგომას არ აპირებს, ხოლო თუ პრემიერმინისტრმა გურამ ოდიშარიას მოთხოვნა დააკმაყოფილა, ევროკავშირის პროექტებზე მომუშავე საერთაშორისო ექსპერტის სტატუსით სხვადასხვა ქვეყანაში იმუშავებს. 

ცნობისთვის, საყდრისი-ყაჩაღიანის ისტორიული ოქროს საბადოს ტერიტორიაზე 7 იანვარს კომპანია RMG GOLD-ის ტექნიკა შევიდა. მეცნიერთა, საზოგადოების წარმომადგენელთა და სტუდენტთა ნაწილმა ეს ფაქტი აქციით გააპროტესტა. 

საყდრისში 2006 წლიდან ქართველ სპეციალისტებთან ერთად არქეოლოგიურ გათხრებს გერმანელი სპეციალისტებიც აწარმოებდნენ. ისინი ამტკიცებენ, რომ ძეგლი 5 ათასი წლისაა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საყდრისი-ყაჩაღიანის ტერიტორიაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით შპს RMG GOLD-ს გაფრთხილება მისცა. სააგენტო კომპანიას მოუწოდებს, სამინისტროს შესაბამისი დასკვნის მიღებამდე მიწის სამუშაოები დაუყოვნებლივ შეაჩეროს. 

RMG GOLD-ის განცხადებით კი, კომპანია წიაღით სარგებლობის ლიცენზიით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საყდრისის სალიცენზიო ტერიტორიაზე მოსამზადებელ სამუშაოებს აწარმოებს. 

"ყოველგვარი საუბარი იმის შესახებ, რომ RMG GOLD თავისი ქმედებით ხელყოფს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობას ან არქეოლოგიურ ძეგლს, საფუძველს მოკლებულია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე: კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის 2013 წლის 28 მაისის ნ03/82 ბრძანებით შექმნილი კომისიის დასკვნის შესაბამისად, პრეისტორიულ პერიოდში ოქროს მოპოვება საყდრისის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე არ დასტურდება; კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს 2013 წლის 5 ივლისის ნ03/108 ბრძანებით საყდრისის ობიექტს მოხსნილი აქვს "კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის" სტატუსი; ზემოხსენებული ბრძანების საფუძველზე, პრეზიდენტის 2013 წლის 10 ივლისის ნ 563 ბრძანებულებით ობიექტს მოეხსნა "ეროვნული მნიშვნელობის" კატეგორია; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 ოქტომბრის ნ1436 დადგენილებით გაუქმდა არქეოლოგიური დაცვის ზონა", - აცხადებს RMG GOLD-ი.

კომენტარები