უკრაინა

ბრძოლა უკრაინისთვის

მოვლენები, რომელიც ამჟამად მიმდინარეობს უკრაინაში, გადამწყვეტია არაერთი თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, მათი განვითარება და საბოლოო შედეგები დიდი ხნით განსაზღვრავს თვით უკრაინის ისტორიულ ბედს. ამის გარდა, ეს მოვლენები დიდწილად გადაწყვეტს იმასაც, რამდენად წარმატებული იქნება კრემლის პროექტი, რომლის მიზანია რუსეთის ყოფილ იმპერიულ სივრცეზე კონტროლის ხელახლა დამყარება. ამ თვალსაზრისით, უკრაინის მოვლენები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, როგორც ქვეყნისთვის, რომელიც კრემლის მიერ უკრაინასთან ერთად მოიაზრება ხსენებულ იმპერიულ სივრცეში. სხვა ყველაფერთან ერთად, უკრაინის გზა ამჟამინდელ კრიზისამდე საქართველოსთვისაც შეიცავს მნიშვნელოვან გაკვეთილებს, რაც შესაძლოა აქტუალური გახდეს ახლო მომავალში.

მედია, მათ შორის – ქართული, აშუქებს უკრაინაში ამჟამად მიმდინარე მოვლენებს. მაგრამ ამ სტატიაში მსურს ვისაუბრო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა უკრაინაში არსებული კრიზისის ისტორიული მიზეზები, რუსეთის სტრატეგიული მიზნები უკრაინასთან მიმართებით და უკრაინაში მიმდინარე კრიზისთან დაკავშირებული საფრთხეები.

შიდა დაპირისპირების ისტორიული მიზეზები და ინტეგრაციის პერსპექტივები

ალბათ ყველას გაუგია უკრაინის პრორუსულ ნაწილზე ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში. მართლაც, თუ შევხედავთ უკრაინაში ჩატარებული არჩევნების შედეგების რუკებს, აღმოვაჩენთ, რომ ქვეყნის ცენტრსა და დასავლეთში მდებარე რეგიონები ხმას აძლევენ იმ კანდიდატებს და პარტიებს, რომლებიც მიიჩნევა პროდასავლურად, ხოლო ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში – კანდიდატებს და პარტიებს, რომლებიც მიიჩნევა პრორუსულად. თანაც, ზღვარი ამ ორ გეოგრაფიულ არეალს შორის საარჩევნო რუკებზე სტაბილურად ერთი და იგივეა.

The clash in Grushevski Street.
ფოტო: AFP
რამ განაპირობა ეს? პასუხი უკრაინის ისტორიაში მოიპოვება. ზღვარი საარჩევნო რუკებზე პრაქტიკულად ზუსტად ემთხვევა შუა საუკუნეების საზღვარს, იმ სლავებით დასახლებულ ტერიტორიას, სადაც ჩამოყალიბდა უკრაინელი ერი და სახელმწიფოებრიობა და მომთაბარე ხალხებით დასახლებულ ტერიტორიას შორის. ეს საზღვარი კი, თავის მხრივ, ემთხვევა იმ ხაზს, სადაც ცენტრალური უკრაინის ტყეები და ტყე-სტეპი გადადის ღია სტეპში. მომთაბარე ხალხების მუდმივი აგრესიის გამო, უკრაინელთა წინაპრები ვერ ახერხებდნენ გრძელვადიანად დასახლებულიყვნენ სტეპში და მათი სახელმწიფოებრიობა ტყიან და ტყე-სტეპით დაფარულ გეოგრაფიულ ზოლში განვითარდა.

შედეგად, დღევანდელი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში სტაბილური სლავური მოსახლეობა მხოლოდ მე-18 საუკუნეში გაჩნდა. ამ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ კოლონისტები როგორც რუსებით, ისევე უკრაინელებით დასახლებული რეგიონებიდან და უმრავლესობას ამ ტერიტორიებზე დღეს სწორედ ეთნიკური უკრაინელები შეადგენენ (ყირიმის გარდა). თუმცა, ეს კოლონიზაცია ორგანიზებული იყო რუსეთის იმპერიის ხელისუფლების მიერ. ამან კი დატოვა გრძელვადიანი კულტურული და იდეური გავლენა ხსენებული ტერიტორიების მოსახლეობაზე, რაც დღემდე თავს იჩენს. მე-19 საუკუნეში დაწყებული უკრაინული ეროვნული მოძრაობა ნაკლებად გავლენიანი იყო ამ „ახალ" ტერიტორიებზე. იგივე ტენდენცია გაგრძელდა მე-20 საუკუნეშიც. დღემდე, მე-18 საუკუნეში დასახლებული მიწების მოსახლეობა უფრო კეთილგანწყობილია რუსეთის მიმართ, ვიდრე „ძველ" უკრაინულ მიწებზე მცხოვრები ადამიანები. სწორედ ეს აისახება ზემოხსენებულ საარჩევნო შედეგებზე.

ამავე დროს, დღეს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში ნელ-ნელა ძლიერდება უკრაინული სახელმწიფოებრივი იდენტობა, რასაც ადასტურებს იქ მცხოვრები ადამიანების ჩართულობა მაიდანის საპროტესტო მოძრაობაში. ეს ხანგრძლივი პროცესია, რომელსაც ალბათ არაერთი თაობა დასჭირდება, მაგრამ საკმარისი დროის ქონის შემთხვევაში, უკრაინულ საზოგადოებას აქვს კარგი შანსი, საბოლოოდ გაერთიანდეს უკრაინის სახელმწიფოებრივი იდენტობის გარშემო.

ზოგჯერ ისმის მსჯელობები იმაზე, რომ კარგი იქნებოდა ქვეყნის პროდასავლურმა ნაწილმა „მოიშოროს" აღმოსავლეთი და სამხრეთი და უპრობლემოდ განაგრძოს სვლა ევროპული ცივილიზაციისკენ. ეს ლოგიკა მცდარია. ამ „მოშორების" შემდეგ უკრაინა გახდებოდა უსუსური და უპერსპექტივო ქვეყანა ზღვაზე გასასვლელის და ინდუსტრიული პოტენციალის გარეშე. ამავე დროს, რუსეთი ამ შემთხვევაში რეალურად მიაღწევდა თავის მიზნებს. გზა თავისუფლებისკენ არ გადის ტერიტორიების „მოშორებაზე". უკრაინელების წინაშე მდგარი პრობლემების ერთადერთი პოზიტიური გადაჭრა არის მოცემულ მომენტში კრიზისის გადალახვა და ქვეყნის დაცვა რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისგან, შემდეგ კი, გრძელვადიან პერსპექტივაში, ქვეყნის პრობლემური ნაწილების ეტაპობრივი სოციო-კულტურული ინტეგრაცია. ასეთ შემთხვევაში, ამ 45-მილიონიან სახელმწიფოს შეიძლება ძალიან კარგი მომავალი ჰქონდეს.

რუსეთის სტრატეგიული მიზნები უკრაინაში

ეს უკრაინისთვის პოზიტიური სცენარი არ შედის კრემლის გეგმებში. რუსეთის მცდელობა, დაიბრუნოს კონტროლი ქვეყნებზე, რომლებიც საბჭოთა კავშირში შედიოდნენ, ეხება ყველა მათგანს, მაგრამ ზოგი კრემლისთვის უფრო პრიორიტეტულია, ვიდრე სხვა. იმ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ამა თუ იმ ფორმის კონტროლის დამყარება რუსეთს განსაკუთრებით სჭირდება, საქართველოც არის. თუმცა, ალბათ მართლები ვიქნებით, თუ ჩავთვლით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი კრემლისთვის მაინც უკრაინაა. ამას განაპირობებს ამ ქვეყნის გეოგრაფიული განლაგების, ზომის, ეკონომიკური და დემოგრაფიული „წონის" კომბინაცია.

ევრაზიული კავშირის, როგორც პროექტის, ერთ-ერთი მთავარი მიზანია რუსეთის მიერ პარაზიტირება პოსტსაბჭოთა ქვეყნების რესურსებზე, რადგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციის შიდა რესურსი აშკარად არასაკმარისია კრემლის ბინადართა ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მეტიც, რუსეთი იმყოფება ღრმა სისტემურ კრიზისში, რომელიც მის ლიდერებში გარდაუვალი სამომავლო კრახის შიშებს ბადებს. რუსეთის გეოსტრატეგიული გაფართოება, კერძოდ კი, კონტროლის დამყარება მეზობელ ქვეყნებსა და მათ რესურსებზე, ამ კრახის თავიდან აცილების რეცეპტად განიხილება. ამ თვალსაზრისით, უკრაინის ეკონომიკურ და დემოგრაფიულ რესურსს საკვანძო მნიშვნელობა აქვს.

რუსეთის ხელისუფლებისთვის უკრაინის მნიშვნელობის კიდევ ერთი ასპექტი გეოგრაფიულია, თანაც, ერთდროულად რამდენიმე თვალსაზრისით. ერთია კრემლის ზოგადი შეხედულება იმასთან დაკავშირებით, რომ სრულიად დაუშვებელია, ტერიტორია, რომელსაც აქვს გრძელი საზღვარი რუსეთის ცენტრალურ ნაწილთან, მას არ ექვემდებარებოდეს. უკრაინის გარდა, ამ ტიპის საზღვარი რუსეთთან მხოლოდ ყაზახეთს და ბელარუსს აქვთ. ორივე ეს ქვეყანა უკვე შედის საბაჟო კავშირში და, შესაბამისად, წესით, უნდა შევიდეს ევრაზიულ კავშირშიც, რომელიც წარმოადგენს საბაჟო კავშირის ევოლუციის შემდგომ ეტაპს. შესაბამისად, კრემლის გადასახედიდან, პრობლემური ამ თვალსაზრისით მხოლოდ უკრაინაა.

გეოგრაფიული ასპექტის მეორე მხარეა უკრაინის ფართო გასასვლელი შავ ზღვაზე, მათ შორის, სევასტოპოლის საზღვაო ბაზა, სადაც განლაგებულია ამ ზღვაზე რუსული ფლოტის მთავარი ძალები. იანუკოვიჩის ხელისუფლების მიერ ხელმოწერილი შეთანხმებებით რუსეთს კიდევ ძალიან დიდხანს უნდა ჰქონდეს სევასტოპოლის ბაზის გამოყენების უფლება, მაგრამ უკრაინაში შიდა პოლიტიკური ვითარების შეცვლასთან ერთად, ეს შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს. სევასტოპოლის და ზოგადად უკრაინის ზღვის სანაპიროს გრძელვადიანი გამოყენების გარანტია რუსეთს მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება, თუ ის უკრაინაზე მყარ პოლიტიკურ კონტროლს დაამყარებს.

დაბოლოს, უკრაინა არის რუსეთიდან ევროპაში ენერგორესურსების ექსპორტის მნიშვნელოვანი მარშრუტი. რუსეთი ცდილობს „სამხრეთის ნაკადის" გაზსადენის პროექტის განვითარებას, რომელიც გვერდს აუვლის უკრაინის ტერიტორიას შავი ზღვის მეშვეობით, მაგრამ ამ ახალმა გაზსადენმა შეიძლება იტვირთოს მხოლოდ ნაწილი იმ აირისა, რომლის ტრანსპორტირება უკრაინის ტერიტორიის მეშვეობით ხდება. შესაბამისად, უკრაინა ბოლომდე არ დაკარგავს თავის სატრანზიტო მნიშვნელობას ენერგორესურსების რუსეთიდან ევროპაში ტრანსპორტირების თვალსაზრისით.

ჩამოთვლილი ფაქტორების გამო, უკრაინის არმონაწილეობა ევრაზიული კავშირის პროექტში რუსეთისთვის მიუღებელია. სწორედ ამითაა გამოწვეული მისი ამჟამინდელი მცდელობა, არ დაუშვას უკრაინის ურთიერთობების განვითარება ევროკავშირთან (რაც გამორიცხავდა უკრაინის შესვლას ევრაზიულ კავშირში) და მისივე ჩარევა უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში.

მიმდინარე კრიზისი

ბოლო პერიოდში რუსეთი ახორციელებდა აშკარად არამეგობრულ პოლიტიკას უკრაინის მიმართ. წლების განმავლობაში ის ყიდდა ბუნებრივ აირს უკრაინისთვის ხელოვნურად მაღალ ფასად, რაც ამ უკანასკნელისთვის მძიმე დარტყმა იყო, რადგანაც აირის გარეშე შეუძლებელია უკრაინის ეკონომიკის ფუნქციონირების და მრავალრიცხოვანი მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფა, ხოლო ამ რესურსის მთავარი წყარო უკრაინისთვის სწორედ რუსეთია. ამასთან ერთად, რუსეთი ახდენდა უკრაინაზე ზეწოლას, რათა მას გადაეცა „გაზპრომისთვის" უკრაინული ნავთობისა და გაზის ეროვნული კორპორაცია „ნაფტოგაზი". 2013 წლის აგვისტოში, უკრაინის მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დაგეგმილი ხელმოწერის მოახლოებასთან ერთად, ამას დაემატა სავაჭრო ომი ჩვენთვის კარგად ნაცნობ ონიშჩენკოს სტილში, როდესაც უკრაინულ საქონელს ფორმალური მიზეზებით აკავებდნენ რუსეთის საზღვარზე. ეს იყო კრემლის გზავნილი უკრაინელი ოლიგარქებისთვის იმის შესახებ, რომ უკრაინის ევროინტეგრაციის შემთხვევაში, რუსეთი უზრუნველყოფდა მათი ინტერესების მნიშვნელოვან დაზარალებას. მაგრამ რუსეთი ვერ შეძლებდა ასოცირების ხელშეკრულების უკრაინის მიერ ხელმოწერის ჩაშლას, რომ არა თავად ამ ქვეყანაში არსებული შიდა პრობლემები.

გადამწყვეტი როლი დღევანდელი უკრაინული კრიზისის წარმოშობაში ითამაშა უკრაინის უმძიმესმა ეკონომიკურმა მდგომარეობამ, რომელიც ამ ქვეყანაში ბოლო წლების მანძილზე ჩამოყალიბდა. სწორედ ამ ფაქტორმა დატოვა იანუკოვიჩის მთავრობა უსუსური რუსეთის ზეწოლის წინაშე და უფრო მეტიც, აიძულა ის, აეღო რუსული კრედიტი. კიდევ ერთი ფაქტორი იყო იანუკოვიჩის მიერ იულია ტიმოშენკოს პოლიტიკური დევნა, რაც წლების განმავლობაში იწვევდა მნიშვნელოვან დაძაბულობას უკრაინის ხელისუფლების ურთიერთობებში ევროკავშირთან. ასევე, დიდი შანსია, რომ იანუკოვიჩის მიერ ევროინტეგრაციის შეჩერება გამოიწვია მისმა შიშმაც, რომ თანმდევი დემოკრატიული ტრანსფორმაცია ძალიან გაურთულებდა მას გამარჯვებას 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. შესაბამისად, უკრაინული კრიზისი გამოწვეულია ამ ქვეყანაში მომხდარი ეკონომიკური კრახით, ოპოზიციის პოლიტიკური დევნითა და ხელისუფალთა პრიმიტიული პოლიტიკური ამბიციებით. რუსეთი კი ამ ყველაფრით მოხერხებულად სარგებლობს.

2013 წლის 17 დეკემბერს, როდესაც მაიდანის საპროტესტო მოძრაობა უკვე დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა, პუტინმა და იანუკოვიჩმა ხელი მოაწერეს სამოქმედო გეგმას, რომლის მიხედვით, რუსეთმა უნდა მისცეს უკრაინას კრედიტი 15 მილიარდი დოლარის ოდენობით და მნიშვნელოვნად შეუმციროს მას ბუნებრივი აირის ფასი. ამ ხელშეკრულებამ იანუკოვიჩის მთავრობა ფაქტობრივად მიაბა კრემლს და, ამავე დროს, ხელი შეუწყო მის დელეგიტიმაციას უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილის თვალში. უპირველეს ყოვლისა, ეს ქვეყნის ცენტრსა და დასავლეთს ეხება. შედეგად, უკვე არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა პერმანენტული სახე მიიღო. ამან უკრაინას მიაყენა დამატებითი ეკონომიკური ზარალი და შექმნა კიდევ უფრო მასშტაბური პოლიტიკური დესტაბილიზაციის საფრთხე.

ეს საფრთხე დაამძიმა ძალადობის და რეპრესიების კამპანიამ საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა წინააღმდეგ. ამ ადამიანთა მიმართ კრიზისის ბოლოდროინდელ გამწვავებამდეც გამოიყენებოდა როგორც ბანდიტური თავდასხმები, ისევე სახელმწიფო რეპრესიული აპარატის ზეწოლა. რეალურად, ამ ყველაფერმა ვერ დაასუსტა საპროტესტო მოძრაობა და მხოლოდ დამატებით დაძაბა ვითარება.

Opposition leader Vitali Klitschko in the Euromaidan protest.
ფოტო: AFP
ამას დაემატა 2014 წლის 16 იანვარს უმაღლეს რადაში იანუკოვიჩის ფრაქციის მიერ მიღებული კანონები, რომლებსაც 17 იანვარს ხელი თავად იანუკოვიჩმაც მოაწერა. ამ კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა საპროტესტო აქციების ჩატარების თავისუფლება. ასევე, სისხლის სამართლის კოდექსში დაბრუნდა სასჯელი ცილისწამებისთვის, რაც 2 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გამარტივდა დეპუტატებისთვის იმუნიტეტის მოხსნა, რამაც უფრო ადვილი გახადა ოპოზიციის წევრთა პოლიტიკური დევნა. ამის გარდა, რუსეთის მსგავსად, უკრაინაში შემოიღეს „უცხოელი აგენტების" კატეგორია, რომელშიც შედიან უცხოური ფონდების მიერ დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები.

აშშ-ის და ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს კანონების ეს პაკეტი, ხოლო ევროკომისარმა შტეფან ფულემ იანუკოვიჩის მისამართით საჯაროდ დასვა რიტორიკული კითხვა: „საით მიდიხართ, ბატონო პრეზიდენტო?". საინტერესო მოსაზრება გამოთქვა უკრაინის ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა და იანუკოვიჩის რეგიონების პარტიის ყოფილმა წევრმა სერგეი გოლოვატიმ. მისი აზრით, კანონების შინაარსი მომზადდა რუსული ფსბ-ს ანალიტიკური ცენტრების მიერ. უდავო ფაქტი ის არის, რომ კანონთა ამ კრებულმა დამატებით დაძაბა ვითარება უკრაინაში, წარმოშვა ფართო პოლიტიკური რეპრესიების განხორციელების შესაძლებლობა, კიდევ უფრო დააშორა ამ ქვეყნის ხელისუფლება ევროკავშირს და მართლაც გამოაჩინა რუსული „პოლიტიკური ტრადიციების" გავლენა.

16 იანვრის კანონების მიღების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი დაფიქსირდა უკრაინის ქალაქების ქუჩებში. უკრაინელებმა უბრალოდ არ მიიღეს იანუკოვიჩის კურსი ავტორიტარიზმისკენ, რომელიც გამორიცხავს ევროინტეგრაციას, მაგრამ ჰარმონიულად უხდება რუსეთის და მისი ევრაზიული პროექტის პოლიტიკურ კულტურას. შედეგად, უკრაინის მოვლენებმა ნამდვილად რევოლუციური ხასიათი მიიღო. კიევში გრუშევსკის ქუჩა დაემსგავსა ფრონტის ხაზს.

კრაინის რეგიონებში პროტესტის მონაწილეებმა დაიწყეს კონტროლის დამყარება ოლქების ადმინისტრაციებზე და ალტერნატიული ხელისუფლების ჩამოყალიბება. ამ ვითარებაში, 25 იანვარს იანუკოვიჩმა სცადა რევოლუციური პროცესის შეჩერება ახალი მთავრობის ჩამოყალიბების წინადადებით. ამ ახალ მთავრობაში უნდა შესულიყვნენ ოპოზიციის ლიდერები არსენი იაცენიუკი (პრემიერმინისტრის თანამდებობაზე) და ვიტალი კლიჩკო. თუმცა, იმავე საღამოს მათ იანუკოვიჩს უარი უთხრეს, რაც ლოგიკური იყო, რადგანაც მისი წინადადება არ შეიცავდა საკმარის დათმობებს და გამოიწვევდა მხოლოდ შიდა დაპირისპირებას ოპოზიციის და პროტესტის მონაწილეთა რიგებში.

პოტენციური საფრთხეები

ჯამში, იანუკოვიჩის ქმედებები, ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის, 2013 წლის 17 დეკემბერს პუტინთან დადებული ხელშეკრულების და 2014 წლის 16 იანვრის კანონების ჩათვლით, მიუთითებს იმაზე, რომ ის კრემლზე სულ უფრო დამოკიდებული ხდება, რაც სრულიად მიუღებელია უკრაინის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის. ეს კი ძალიან ართულებს უკრაინული კრიზისის რბილ, კომპრომისულ გადაწყვეტას. გაიზარდა იმის შანსი, რომ კრიზისი დასრულდება მხოლოდ ერთი მხარის სრული გამარჯვებით მეორის სრული მარცხის ხარჯზე. ამან კი ხელი შეუწყო უკრაინაში ძალზედ სახიფათო ვითარების ჩამოყალიბებას და შესაძლოა დაეხმაროს რუსეთს ამ ქვეყანაში დესტრუქციული პროცესების განვითარებაში.

კრემლის გადასახედიდან, სასურველი იქნებოდა მთლიანად უკრაინის მოქცევა მისი გავლენის ქვეშ, რაც დღესდღეობით განხორციელებულია ისეთ ქვეყნებში, როგორიც ბელარუსი, ყაზახეთი და ყირგიზეთია. თუმცა, უკრაინული საზოგადოების დიდი ნაწილის განწყობები, რამაც ჰპოვა გამოხატულება მიმდინარე მოვლენებში, ძალიან ართულებს რუსეთისთვის ამ მიზნის მიღწევას. კრემლის ბინადრებისთვის ეს, წესით, ცხადი უნდა იყოს. ამიტომ იზრდება იმის საფრთხე, რომ გარკვეულ მომენტში რუსეთი აქტიურად შეეცდება გააღვივოს სეპარატიზმი ამ ქვეყნის აღმოსავლეთის და სამხრეთის ზოგ რეგიონში, განსაკუთრებით ყირიმში. რუსეთის ხელისუფალთათვის ეს შეიძლება არ იყოს იდეალური ვარიანტი, მაგრამ მთლიანი უკრაინის ევროპაში „გაქცევა" მათთვის სრულიად მიუღებელია. თანაც, უკრაინის ინდუსტრიული პოტენციალიც და ზღვაზე გასასვლელიც ქვეყნის სწორედ იმ ნაწილებში მოიპოვება, სადაც თეორიულად შესაძლებელია სეპარატიზმის გაღვივება.

მეზობელ ქვეყნებში პროვოკაციების და დესტაბილიზაციის მოწყობა არის საგარეო პოლიტიკური აქტიურობის ის სახეობა, რომელიც რუსეთს კარგად გამოსდის. უკრაინაში კი არსებობს როგორც პრორუსულად განწყობილი მოსახლეობის ნაწილი, ისევე ფართო რუსული აგენტურა. რუსეთში დიდად არ მალავენ თავიანთ დამოკიდებულებას უკრაინის მიმართ. პირიქით, იქ ადგილი აქვს პროპაგანდას უკრაინის სამომავლო დაშლასთან დაკავშირებით. საერთოდ, რუსეთის ოფიციალურ თუ არაოფიციალურ წარმომადგენლებს მრავალჯერ დაუდასტურებიათ, რომ მეზობელ სახელმწიფოთა სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა მათთვის ძალიან ცოტას ნიშნავს. მძიმე შიდა კრიზისი და რუსეთის მტრული აქტიურობა უკრაინას მეტად რთულ და სახიფათო მდგომარეობაში აყენებს.

ბრძოლა, რომელშიც უკრაინელები ჩართულნი აღმოჩნდნენ, აღარ არის მხოლოდ ევროინტეგრაციისთვის. მის შედეგებზე უფრო მეტი რამ არის დამოკიდებული: უკრაინის ისტორიული იდენტობა, რეალური დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი. მიმდინარე მოვლენების შედეგად გადაწყდება, შეძლებს თუ არა რუსეთი კონტროლის დამყარებას ამ ქვეყნის ბედზე. თუ კრემლი ამაში წარმატებული იქნება, ეს გახდებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევრაზიული პროექტის განხორციელებაში და დაამძიმებდა იმ სხვა ქვეყნების მდგომარეობას, რომლებზეც რუსეთს ასევე სურს კონტროლის დამყარება. უპირველეს ყოვლისა, ეს სწორედ საქართველოს ეხება. უკრაინელები დღეს იბრძვიან თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის, თუმცა ამ ბრძოლის შედეგი მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ჩვენს მდგომარეობაზეც.

კომენტარები