პრემიერი: რუსეთთან მიდგომები შევცვალეთ, მაგრამ მაინც ვაწყდებით პროვოკაციებს

პრემიერი ღარიბაშვილი
facebook.com/GaribashviliOfficial

საქართველოს პრემიერ–მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაში. ის სიტყვით გამოვიდა სესიაზე - “გლობალური ძალაუფლება და რეგიონალური უსაფრთხოება”. პრემიერის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ შეცვალა რუსეთთან პოლიტიკა, რუსეთი პროვოკაციებს აგრძელებს. ტაბულა აღნიშნული გამოსვლის იმ თარგმანს გთავაზობთ, რომელიც ტელეკომპანია რუსთავი 2-მა გაავრცელა.

”ევროინტეგრაციის პროცესი ასოცირების შესახებ ხელშეკრულების პარაფირების შემდეგ შეუქცევადი გახდა. საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი არის ჩვენი სტრატეგიული არჩევანი, რადგან ჩვენ ვიზიარებთ ერთსა და იმავე ღირებულებებს, კულტურასა და ისტორიას. ამბიცია, გავხდეთ ევროპის ნაწილი წლებია გვაქვს. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენ დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას ვცდილობთ. მინდა შევეხო რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც.

ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ რუსეთთან მიდგომები. დაინიშნა სპეციალური წარმომადგენელი და შევძელით ურთიერთობების გაუმჯობესება ვაჭრობისა და კულტურის სფეროებში. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მხრიდან მაქსიმალური გაკეთდა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების კუთხით, ჩვენ მაინც ვხვდებით პროვოკაციებს საოკუპაციო ხაზის გარშემო. ეს კი წინააღმდეგობაში მოდის ჩვენს მიდგომებთან. ე.წ საზღვრის გავლების სამუშაოები ნამდვილად უამრავ პრობლემას უქმნის ჩვენ მოქალაქეებს.

ახლა ჩვენ რთული, მაგრამ საინტერესო სიტუაციის წინაშე ვართ. გადავწყვიტეთ ბოიკოტი არ გამოგვეცხადებინა სოჭის ოლიმპიადისთვის და ჩვენ ჯგუფს ვაგზავნით. ეს არ იყო ადვილად მისაღები გადაწყვეტილება, რადგან ჩვენ გვაქვს გადაუჭრელი პრობლემები ჩვენს ძმებთან, აფხაზებთან და ოსებთან. გვსურს დავარწმუნოთ რუსეთი რომ საქართველოს მისწრაფება გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი საფრთხეს არ წარმოადგენს” - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები