არეულობა უკრაინაში

უკრაინის ოპოზიცია: რადას დეპუტატებზე ზეწოლა იანუკოვიჩმა განახორციელა

უკრაინის ოპოზიციის განცხადებით, ქვეყნის პარლამენტმა საპროტესტო აქციის მონაწილეთა ამნისტიის შესახებ კანონი კონსტიტუციური ნორმების დარღვევით მიიღო. ოპოზიციური ლიდერების ერთობლივი განცხადების მიხედვით, რადას დეპუტატებზე ზეწოლა პირადად პარლამენტის შენობაში  მისულმა პრეზიდენტმა იანუკოვიჩმა განახორციელა. 29 იანვარს უკრაინის რადამ ამნისტიის შესახებ კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც, აქციების დროს დაკავებული პირები მხოლოდ მას შემდეგ განთავისუფლდებიან, რაც დემონსტრანტები დაკავებულ ადმინისტრაციულ შენობებს დატოვებენ. თუმცა ოპოზიცია კანონის ამ პუნქტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ დაკავებულები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე უნდა გათავისუფლდნენ.

კიევში პოლიციამ დემონსტრაციების დროს ათეულობით მომიტინგე დააკავა, ძალოვანებისა და დემონსტრანტების შეტაკებებს მსხვერპლიც მოჰყვა. კიევის ჯანდაცვის საქალაქო სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 30 ნოემბრიდან 30 იანვრის ჩათვლით, ექიმებმა სამედიცინო დახმარება საპროტესტო აქციის 1231 მონაწილეს გაუწიეს, მათგან 681-ის ჰოსპიტალიზება გახდა საჭირო. სტაციონარებში კი დღემდე აქციის 63 მონაწილე რჩება.

 

კომენტარები