მუხროვანის ამბოხი

საყვარელიძე: არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია უცხოური დაზვერვის მოქმედებაზე

www.facebook.com/davit.sakvarelidze

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, დავით საყვარელიძის თქმით, მუხროვანის მოვლენების პერიოდში არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია პროცესში უცხოური დაზვერვის მოქმედების შესახებ.

"ეს იყო საიდუმლო ოპერატიული მასალა, ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც დღევანდელმა ხელისუფლებამ, სამწუხაროდ, გაამჟღავნა. ასეთი ოპერატიული ინფორმაცია უცხოური დაზვერვის მოქმედებაზე და მუშაობაზე ნებისმიერ ქვეყანაში მიეწოდება უმაღლეს თანამდებობის პირს და ამ შემთხვევაში მიეწოდა შინაგან საქმეთა მინისტრს. შესაბამისად, მან გასცა დავალება, რომ ორი პირი, რომელიც ოპერატიული ინფორმაციით, შეიძლება მოკლულები იყვნენ და შეიძლება ამბოხი დაკავშირებული ყოფილიყო გრუ-ს პირდაპირ ხაზთან, მოეძებნათ", - თქვა საყვარელიძემ.  

საყვარელიძის თქმით, მოგვიანებით გაირკვა, რომ ასეთი ორი გვამი არ არსებობდა. "შეიძლება არც მოუკლავთ და დღეს ეს ადამიანები არიან ჯარში, ან სხვა ორგანიზაციაში საქართველოში ან საქართველოს ფარგლებს გარეთ".

საქართველოს ყოფილმა პრემიერმინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეომასალაზე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დავალება ამბოხებულთა მიერ ლიკვიდირებული რუსი მრჩევლების გვამების პოვნა იყო. 

”ჩვენი ინფორმაციით, აჯანყებაში მონაწილეობდა კიდევ ორი რუსი მრჩეველი და კვალის დაფარვის მიზნით, შეთქმულების ორგანიზატორებმა მოახდინეს მათი ლიკვიდაცია. ამ ჩანაწერში ჩანს, რომ მე ვიძლევი ბრძანებას ამ ორი ადამიანის გვამის პოვნის შესახებ, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რათა დაგვემტკიცებინა კავშირი ამ აჯანყებასა და რუსეთს შორის. რაც შეეხება ინტერპრეტირებას, რომ თურმე ეს არის მკვლელობის შეკვეთა, მინდა გითხრათ, რომ ამ განცხადებიდან, რომელიც თქვენ მოისმინეთ, ერთ საათში. სოფელ მუხროვანთან ჩვენი დანაყოფების მიერ დაკავებულ იქნა რამდენიმეკაციანი ე.წ. რეინჯერების ჯგუფი -  5-7 ადამიანი, თუ არ ვცდები. და არცერთი მათგანის წინააღმდეგ არ იქნა გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი და არცერთი მათგანი არ დაჭრილა.

რაც შეეხება ამ თემის მიბმას 3 კვირის თავზე ჩატარებულ ოპერაციასთან გლდანში, ოთანაძის და მისი ჯგუფის დაკავების შესახებ, ამის მიბმა არის ხელოვნური, უფრო მეტიც, ის დანაყოფი, რომელმაც ჩაატარა ოთანაძის დაკავების ოპერაცია, საერთოდ არ იმყოფებოდა მუხროვანის ტერიტორიაზე სპეცოპერაციის დროს. აქედან გამომდინარე, არავითარი კავშირი ამ ორ მოვლენას შორის არ არსებობს. ყველა მასალა ინახება შინაგან საქმეთა სამინისტროში. როგორც პირველის, ასევე მეორე ოპერაციის, რომელთა ერთმანეთში გადაბმასაც პოლიტიკოსები ცდილობენ. მინდა, მოვუწოდო პროკურატურას, შესაბამის ორგანოებს, მიუკერძოებლად შეისწავლონ ეს საკითხი. მე ვარ ცამდე მართალი ამ საქმეში. მე ღმერთმა მარგუნა 2008 წლის ომის დროს, ასევე ამ აჯანყების დროს, ვყოფილიყავი ერთ-ერთი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი. ჩემს სიმტკიცეზე დიდად იყო დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის ერთიანობა და გადარჩენა. მე არასდროს გამიცია ბრძანება არცერთი ადამიანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით. 

როცა დააკავეს ოთანაძე, მაშინ დაიჭრა ოთანაძე და ამირიძეც, მინდა გითხრათ, რომ მე ვთხოვე ჩემს მეგობარ გივი თარგამაძეს, დაერეკა საავადმყოფოში და ეთხოვა, განსაკუთრებული ყურადღება მიექციათ ამ ადამიანებისთვის. არა მარტო იმიტომ, რომ ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან, არამედ იმიტომ, რომ  ესენი იყვნენ მატარებელი ჩვენთვის საინტერესო ინფორმაციის, თუ როგორ დაგეგმეს რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში აჯანყება", - თქვა მერაბიშვილმა სასამართლო პროცესზე.

 

კომენტარები