შაჰ დენიზი

შაჰ დენიზის მეორე ეტაპი და საქართველო

საქართველოში შაჰ დენიზის მეორე ფაზა იწყება. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე სამჯერ უფრო მეტი გაზი გაივლის და შემდეგ აქედან ევროპას მიეწოდება. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ეს პროექტი საქართველოსთვის რამდენიმე მიმართულებით არის მნიშვნელოვანი: საქართველო გააძლიერებს საკუთარ, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლს; დამატებითი გაზის გატარების შემთხვევაში, საქართველოში შესაძლებელი გახდება გაზზე არსებული მოთხოვნის 75%-ის დაკმაყოფილება მსოფლიოში არსებულ საბაზრო ფასებთან შედარებით თითქმის სამჯერ უფრო იაფად და გაზსადენის ოპერირების პერიოდში მუდმივ სამუშაო ადგილს მიიღებს 130 ადამიანი.

პროექტის ერთ-ერთი ელემენტია უკვე არსებული სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება, რომლითაც ამჟამად 7 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება ყოველწლიურად აზერბაიჯანიდან თურქეთს საქართველოს გავლით. მილსადენის გაფართოების ფარგლებში მოხდება თურქეთის მიმართულებით წლიურად, დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიწოდება 26 ახალი დამატებითი ჭაბურღილიდან.

შაჰ დენიზის მეორე ფაზის პროექტის ფარგლებში პირველი გაზის მიწოდება თურქეთის და საქართველოს მომხმარებლებისთვის სავარაუდოდ 2018 წლისთვის დაიწყება დაახლოებით 6 მილიარდი კუბური მეტრის რაოდენობით ყოველწლიურად, ხოლო ერთი წლის შემდეგ – დამატებითი 10 მილიარდი კუბური მეტრის მიწოდება განხორციელდება საბერძნეთში, ბულგარეთსა და იტალიაში.
არსებული შეთანხმების თანახმად, საქართველოს შეუძლია ტრანზიტით გატარებული ბუნებრივი აირი 5% შეღავათიან ფასად შეისყიდოს, რაც გაზსადენის მაქსიმალური დატვირთვის შემთხვევაში, წელიწადში დამატებით მილიარდ კუბურ მეტრ გაზზე მეტს შეადგენს. ამასთან, პარალელური მილსადენების მშენებლობისათვის საქართველოს პორტებისა და რკინიგზის გამოყენებით დაახლოებით 350 000 ტონა სამშენებლო ტვირთისა და მასალების გადაზიდვა განხორციელდება.

სულ პროექტი 25 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, აქედან, ინვესტიციის სახით, მთავრობა საქართველოში 700 მილიონი აშშ დოლარის შემოსვლას ვარაუდობს, თუმცა BP-ის ოფიციალურ ბროშურაში წერია, რომ ინვესტიციამ შეიძლება 2 მილიარდ აშშ დოლარსაც მიაღწიოს. ამ თანხის 20% სამშენებლო მასალების შეძენას მოხმარდება. როგორც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე თემურ გოჩიტაშვილი ამბობს, გაზსადენის მშენებლობის პროცესში 2 ათასი ადამიანი დასაქმდება, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, დაახლოებით 130 კაცი მუდმივ სამუშაოს მიიღებს.

შაჰ დენიზი (იგივეა, რაც ზღვის მეფე) კასპიის ზღვის ნაპირიდან 70 კილომეტრის სიღრმეში აზერბაიჯანის სექტორში მდებარეობს. რეზერვუარი აქ 1999 წელს აღმოაჩინეს და ის დღემდე მსოფლიოს უდიდეს გაზის კონდენსატის საბადოდ ითვლება. რეზერვუარებში, რომლებიც შაჰ დენიზის განვითარების 1-ლ და მე-2 ეტაპებზე მუშავდება, 0.9 ტრილიონი კუბური მეტრი გაზია. უფრო ღრმა ბურღვის შედეგად კი, დამატებით კიდევ 1.4 ტრილიონი კუბური მეტრის ათვისების პოტენციალი არსებობს. რეზერვუარს 140 კვადრატული კილომეტრი უჭირავს და ზომით და ფორმით მანჰეტენის კუნძულს ჰგავს.

შაჰ დენიზის განვითარების პირველ ეტაპზე, ბაქოს მახლობლად გაზსადენების ერთი პლატფორმა აშენდა. დღეს ის ყოველწლიურად 9 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს აწარმოებს. აღიარებულია, რომ შაჰ დენიზის ეს ჭები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პროდუქტიულია – თითოეული მათგანი 2 მილიარდ კუბურ მეტრ გაზამდე შეიცავს.

2006 წლიდან შაჰ დენიზიდან გაზის ექსპორტი ხდება აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში. თემურ გოჩიტაშვილის თქმით, დღეს აზერბაიჯანიდან მიღებული გაზის მოცულობა საქართველოში მოხმარების დაახლოებით 30%-ს ფარავს. მისივე თქმით, მეორე ფაზის ამოქმედების შემდეგ, ეს მაჩვენებელი 75%-მდე უნდა გაიზარდოს.

შაჰ დენიზის განვითარების მეორე ეტაპი ამავე რეზერვუარში დარჩენილი რესურსების პოტენციალის უკეთ ათვისებისკენ არის მიმართული.

2006 წელს გაყვანილი 690 კილომეტრი სიგრძის სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოება ითვალისწინებს პარალელური მილსადენის მშენებლობას – 387 კმ-ს აზერბაიჯანის, ხოლო 55 კმ-ს საქართველოს ტერიტორიაზე. ასევე დაგეგმილია ორი დამატებითი საკომპრესორო სადგურის, ახალი წნევის რეგულირებისა და გამზომი სადგურის ინსტალაცია საქართველოში. BP-ის გათვლებით, რომელიც პროექტის მთავარი დამფინანსებელია, რეზერვუარიდან შესაძლებელია დამატებით 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზის მიღება.

იმისთვის, რომ ამ მოცულობამ მიაღწიოს ჩაფიქრებულ ბაზრებამდე – თურქეთი, საბერძნეთი, ბულგარეთი და იტალია – ორი გაზსადენი აშენდება: TANAP-ი და TAP-ი. BP-ის გათვლებით, მხოლოდ ამ გაზსადენების აშენება 15 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება. ექსპლოატაციაში შესვლის შემდეგ, ამ გაზსადენების გამტარიანობა ორჯერ გაიზრდება, რაც ტრანსპორტირების დამატებითი მარშრუტების ათვისებას შეუწყობს ხელს.

ტრანსანატოლიური გაზსადენი (TANAP) სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაგრძელება იქნება თურქეთის აღმოსავლეთ საზღვართან. გაზსადენი საქართველო-თურქეთის საზღვართან აიღებს სათავეს და თურქეთ-ბულგარეთის საზღვრამდე გაგრძელდება. იქ მას შეუერთდება სხვა მილსადენი, რომლის მეშვეობითაც გაზი იტალიამდე მიაღწევს.

TANAP-ი თურქეთის დასავლეთ საზღვართან ტრანსადრიატიკულ გაზსადენს (TAP) შეუერთდება. აქედან TAP-ი გადაკვეთს საბერძნეთს და ალბანეთს ადრიატიკის ზღვის ნაპირამდე, შემდეგ მილსადენი წყალქვეშ გაივლის იტალიამდე. აქედან კი უკვე იტალიის გაზის ტრანსპორტაციის ქსელს შეუერთდება.

პროექტის მთავარი დოკუმენტის, აზერბაიჯან-თურქეთის მთავრობათაშორისი ურთიერთგაგების მემორანდუმის მიხედვით, ტრანსანატოლიური მილსადენის საკონტროლო პაკეტის მფლობელი, ასევე მთავარი ინვესტორი და მილსადენის ოპერატორი აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია იქნება. მას 80%-იანი წილი ეკუთვნის, თურქეთის მილსადენების სახელმწიფო კომპანია – Botas-ი და ნავთობკომპანია – Turkish Petroleum-ი კი 10-10%-ს ფლობენ.

სხვადასხვა გათვლებით, TANAP-ის მშენებლობა 5-დან 6 მილიარდ აშშ დოლარამდე დაჯდება. მშენებლობის ხარჯის დიდი ნაწილის დაფარვას აზერბაიჯანი ნავთობის ექსპორტით მიღებული შემოსავლებით აპირებს. სრული დატვირთვის შემთხვევაში, მილსადენი ევროპისკენ 30 მილიარდი კუბური მეტრი გაზის გატარებას შეძლებს.

ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა ევროპული და სამხრეთ კორიდორის გასწვრივ მაღალია. იტალია, რომელიც გაზსადენის დანიშნულების ბოლო პუნქტია, ევროპაში ბუნებრივი გაზის ერთ-ერთი უმსხვილესი ბაზარია: აქ გაზის მოხმარება 70 მილიარდ კუბურ მეტრს აღწევს. სამხრეთ კორიდორის გახსნით, საბერძნეთის და ბულგარეთის ბაზრები ახალი წყაროდან მიიღებენ გაზს. ალბანეთისთვის სამხრეთ კორიდორი ქმნის გაზის ინდუსტრიის განვითარების შესაძლებლობას, რაც ელექტროენერგიის წარმოების ეფექტურობაზეც აისახება.

ყველა ეს ქვეყანა საშუალოდ 50%-ზე მეტად რუსულ გაზზეა დამოკიდებული, ამიტომ, სპეციალისტების შეფასებით, შაჰ დენიზის განვითარება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ევროპის ენერგოდამოუკიდებლობას. შაჰ დენიზის მეორე ფაზამ შეიძლება სერიოზული კონკურენცია გაუწიოს რუსეთის ფავორიტ პროექტს სამხრეთის ნაკადსაც. სამხრეთის ნაკადი მოსკოვის მხრიდან ჩაფიქრებული იყო, როგორც ინსტრუმენტი იმისთვის, რომ სამხრეთ კორიდორის მხრიდან არსებული კონკურენცია დაებლოკა და ევროპის გაზით მომარაგებაზე მონოპოლია კიდევ დიდი ხნით შეენარჩუნებინა.

სპეციალისტებისთვის გაურკვეველია, შეძლებს თუ არა სამხრეთის ნაკადი როდესმე კომერციული თვალსაზრისით რაციონალურად ოპერირებას. გაზპრომი ამ დრომდე მალავს სამხრეთის ნაკადთან დაკავშირებულ ყველა დეტალს – მათ შორის, ვინ იქნება გაზის მომწოდებელი ამ პროექტისთვის, რა დაჯდება გაზსადენის აშენება და ოპერირება, ან რა ფასად მიიღებენ ევროკავშირის მომხმარებლები სამხრეთის ნაკადით გაზს.

სპეციალისტების გათვლებით, სამხრეთის ნაკადის მთავარი მომწოდებელი უნდა იყოს თურქმენეთი, თუმცა სხვადასხვა კვლევებით დასტურდება, რომ ევროკავშირისთვის თურქმენული გაზის მიწოდება გაცილებით უფრო ძვირია სამხრეთის ნაკადის გაზსადენის გავლით, ვიდრე სამხრეთის კორიდორის გავლით.
კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ სამხრეთის ნაკადი გაზპრომისთვის მოგებიანი პროექტი არ არის. შესაბამისად, კრემლის მთავარი მიზანია, ინვესტორები დააშინოს იმით, რომ სამხრეთ კორიდორის განვითარების შემთხვევაში, ბალკანეთის და ცენტრალური ევროპის გაზის ბაზრებს სამხრეთის ნაკადის 63 მილიარდი კუბური მეტრი გაზი წალეკავს და აზერბაიჯანის საბადოებში არსებულ კონკურენტულ გაზს შანსს არ დაუტოვებს.

გამოდის, რომ ევროკავშირი და სამხრეთ კორიდორის კერძო ინვესტორები ევროპელ მომხმარებლებს და რუსეთის მოქალაქე გადასახადის გადამხდელებს დიდ სამსახურს გაუწევენ, თუ მოსკოვის ბლეფს არ აჰყვებიან. შაჰ დენიზის გაფართოების მეორე ფაზა მიანიშნებს იმაზე, რომ ევროპის საბედნიეროდ, ინვესტორები სწორედ ამას აპირებენ. რუსეთის გადასახადების გადამხდელთა სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ კრემლი ზუსტად ასევე დაჟინებით ცდილობს სამხრეთის ნაკადის პროექტის ამუშავებას.

თუმცა დღესდღეობით აზერბაიჯანის საბადოების გარდა არ არსებობს გაზის დამატებითი მარაგები, რომელთა წარმოება და ევროპაში გაყიდვაც რეალისტურად შეიძლებოდეს: შაჰ დენიზის საბადოდან გაზის წარმოების შემდეგ, გაზის ყველაზე რეალური მიწოდება აზერბაიჯანის კიდევ ერთი საბადოდან აბშერონიდან შეიძლება და ეს მარაგიც სამხრეთ კორიდორისთვის იქნება განკუთვნილი. გამოდის, რომ შაჰ დენიზის გაფართოების შემთხვევაში, არსებობს გაზის დამატებითი რესურსი, ხოლო სამხრეთის ნაკადმა უკვე არსებული უნდა გაატაროს.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, მას შემდეგ, რაც გაზის ტრანსპორტირების პირველი მარშრუტი გაიხსნება, დამატებითი გაზი და ინფრასტრუქტურაც გამოჩნდება: მოსალოდნელია, რომ სამხრეთ კორიდორის მიერ გატარებული დამატებითი გაზი ბულგარეთს, საბერძნეთს, ალბანეთსა და იტალიას გასცდეს და გეზი სამხრეთ-აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპისკენაც აიღოს.

შაჰ დენიზის პროექტის პარტნიორებს მესამე ფაზის გრძელვადიანი გეგმებიც აქვთ. ეს ხედვა ეფუძნება იმ აღმოჩენებს, რომელიც 2007 წელს BP-იმ კასპიის ზღვაში ყველაზე ღრმა ჭაბურღილის ბურღვისას გააკეთა: აღმოჩნდა, რომ ახალი მაღალი წნევის რეზერვუარის აღმოჩენა შაჰ დენიზის პროექტის კიდევ უფრო გაფართოების შესაძლებლობას იძლევა. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს, როგორც ტრანზიტორი ქვეყნის, როლი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. თუმცა ამ რესურსების ასათვისებლად, მათი მაღალი წნევის გათვალისწინებით, ახალი ტექნოლოგიები და ახალი კვლევები იქნება საჭირო.