მუხროვანის ამბოხი

გიორგი მარგველაშვილი: ეს კადრები უნდა გახდეს პროკურატურის ინტერესის საგანი

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, ინტერნეტში გავრცელებულ ვიდეო მასალაზე კომენტარი გააკეთა. ვიდეოში ჩანს, თუ როგორ გეგმავენ სპეცოპერაციას სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის დათა ახალაია და ვანო მერაბიშვილი. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კადრებზე ასახული ფაქტები პროკურატურამ უნდა გამოიძიოს და ამასთანავე არ უნდა დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია.

"მე ვნახე ეს კადრები. ამ თემას ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ისეთ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რომ არ ვაძლევთ პოლიტიკურ შეფასებას. ეს არის კადრები, რომლებიც უნდა გახდეს პროკურატურის ინტერესის საგანი და მე მოვუწოდებ პროკურატურას, დაინტერესდეს ამ კადრებით. გამომდინარე იქქედან, რომ ამ კადრებში ნაჩვენები ზოგიერთი ადამიანი არის ამ ეტაპზე ბრალდებული, ზოგიერთის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, მე არანაირ კომენტარს არ გავაკეთებ, რომ არ დაირღვეს უდანაშაულობის პრეზუმფცია. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური დებატების საგანი არ არის ამ რეალობის განხილვა. ეს არის ერთმნიშვნელოვნად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. ამავე დროს, მოვუწოდებ პროკურატურას, რომ შეისწავლოს დეტალურად ამ კადრების წარმომავლობა, შინაარსი და მათი შესაძლო კავშირი რეალურ პროცესებთან," - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ Youtube-ზე სავარაუდოდ 2009 წელს მუხროვანში ამბოხის დროს გადაღებული ვიდეომასალა გავრცელდა. კადრებში სპეცოპერაციის დაგეგმვაა ასახული. სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები, მათ შორის დათა ახალაია, მსჯელობენ, თუ როგორ იმოქმედონ. ვიდეომასალის მიხედვით, მალევე ვერტმფრენით ჩამოდის და მათ უერთდება იმჟამინდელი შს მინისტრი ვანო მერაბიშვილი.

„დავკითხოთ ვიღაცეები, სად წავიდნენ... და ფეხდაფეხ მივყვეთ. მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი. ვსიო, პრემია დიდია" - ასე მიმართავს ვანო მერაბიშვილი იქ მყოფ სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს, შემდგომში სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და სხვადასხვა მიმართულებით აგზავნის. ვიდეომასალის ავთენტურობა ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.

Youtube-ზე ხსენებული ვიდეო სამი საათის წინ აიტვირთა. მის განმთავსებელს სხვა ვიდეო საკუთარ ანგარიშზე ატვირთული არ აქვს.

კომენტარები