დავით საყვარელიძის განცხადება

საყვარელიძე პროკურატურას შსს-ს ყოფილი მოადგილის საქმის გამოძიებას სთხოვს

primetimenews.ge

ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით საყვარელიძე პროკურატურას შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, გია ლორთქიფანიძისთვის ტერორისტული აქტის მოწყობის მცდელობის გამოძიებას სთხოვს. მისი თქმით, რუსთავი 2-ის ეთერში გავიდა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც ლორთქიფანიძის სახლთან დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი.

საყვარელიძის თქმით, რამდენიმე თვის წინ კონფლიქტოლგმა მამუკა არეშიძემაც განაცხადა, რომ მინისტრის ყოფილი მოადგილის მკვლელობა კუს ტბაზეც იგეგმებოდა.

საყვარლიძის განცხადებით, ამ საქმეში ეჭვმიტანილები შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიტერორისტული სამსახურის წარმომადგენლები არიან. მისივე მტკიცებით, შსს გია ლორთქიფანიძის ლიკვიდაციას ლაფანყურის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით ცდილობს.

"ეს არის ის პიროვნება, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროში წლების განმავლობაში მუშაობდა. მის მიმართ ხელისუფლებას განსაკუთრებული ინტერესი ჰქონდა, უნდოდა არარსებული, გამოგონილი ე.წ ლაფანყურის საქმის ბრალის მისთვის "ჩამოკიდება". ეს მათ არ გამოუვიდათ. გია ლორთქიფანიძემ თვითონ დაიწყო მის მიმართ ტერორისტული აქტის მცდელობის გამოძიება. სამწუხაროდ, ყველა კვალი შინაგან საქმეთა ანტიტერორისტული სამსახურის თანამშრომლებამდე მიდის. ჩვენი მხრიდან თავის მოტყუება იქნება, ამ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს მოვთხოვოთ. ამიტომ მოვითხოვთ, შინაგან საქმეთა თანამშრომლების ქმედებები პროკურატურამ გამოიძიოს. ჩვენ სახალხო დამცველს და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მოვუწოდებთ, ამ საქმით დაინტერესდნენ." - აღნიშნა საყვარელიძემ.

შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის გვარი ლაფანყურის სპეცოპერაციის საქმის გამოძიებისას ფიგურირებდა, რომელიც 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ დაიწყო. 2012 წლის აგვისტოში ქართველმა სამართალდამცველებმა ლაფანყურში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის მახლობლად, სპეცოპერაცია ჩაატარეს. შსს-ს ინფორმაციით, სპეცოპერაცია ჩრდილოკავკასიელი მებრძოლთა ჯგუფის მიერ აყვანილი მძევლების გათავისუფლებისთვის ჩატარდა. ოპერაციის შედეგად ორი სამართალდამცველი და შეიარაღებული ჯგუფის 11 წევრი დაიღუპა.

კომენტარები