რელიგიები

სახალხო დამცველი: არ ვიცი, სახელმწიფომ რატომ შეარჩია მხოლოდ ოთხი კონფესია

facebook.com/UchaNanuashvili

სახალხო დამცველის უჩა ნანუაშვილის განცხადებით, მთავრობის მხრიდან პოზიტიური გადაწყვეტილებაა, რომ შესაძლოა, მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, კიდევ ოთხი კონფესია დაფინანსდეს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს გადაწყვეტილება რეალობაში განხორციელდეს.

"ჩვენ გვქონდა რეკომენდაცია, რომ ამ საკითხზე ხელისუფლებას გარკვეული ნაბიჯები გადაედგა. მნიშვნელოვანია, რომ დაიწყო დისკუსია და მისასალმებელია, რომ ხელისუფლება მზად არის, დაიწყოს რელიგიური ჯგუფების დაფინანსება. ვფიქრობ, გარკვეული მოდელი უნდა იყოს მოფიქრებული, რომ არ მოხდეს სხვა რელიგიური ჯგუფების დისკრიმინაცია. ჩვენი რეკომენდაციაა, რელიგიური ჯგუფების მონაწილეობით მომხდარიყო შეჯერება გარკვეულ მოდელზე, რათა მათი ინტერესები ყოფილიყო მაქსიმალურად გათვალისწინებული. არ ვიცი, რატომ შეირჩა მარტო ოთხი ჯგუფი, რადგან მე ვფიქრობ, ეს არის დისკუსიის საგანი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ პროცესში, რელიგიური ჯგუფების ჩართულობით რაღაც ერთიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული", - განუცხადა სახალხო დამცველმა ჟურნალისტებს და აღნიშნა, რომ ეს საკითხი წლების განმავლობაში იდგა დღის წესრიგში და შესაბამისი რეკომენდაციები სახალხო დამცველის ანგარიშებშიც იყო.

სახელმწიფომ მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, შესაძლოა, კიდევ ოთხი კონფესია დააფინანსოს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, შესაბამის საკითხს მინისტრთა კაბინეტი დღეს განიხილავს.

"ბოლო პერიოდში მესმის, თითქოს, ჩვენი მთავრობის დროს გახშირდა რელიგიურ ნიადაგზე შუღლი. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენი მთავრობის დროს არათუ გაუარესდა ვითარება, არამედ გვაქვს გაუმჯობესება. გვაქვს თანაბარი პატივისცემა სხვადასხვა რელიგიების მიმართ. ამის დადასტურებაა ის, რომ დღეს გამოგვაქვს საკითხი, რომლითაც ოთხ რელიგიურ მიმართულებას დააფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი. ესენია: მუსულმანური, გრიგორიანული, კათოლიკური სარწმუნოება და იუდაიზმი. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დაფინანსება და ის ამ რელიგიებზე პროპორციულად გადანაწილდება", - აღნიშნა ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

ღარიბაშვილის თქმით, ზოგადად, სახელმწიფო ბიუჯეტი რელიგიებს არ აფინანსებს, რის გამოც მათი ინიციატივა უპრეცედენტო დადასტურებაა იმის, რომ ისინი ყველა რელიგიას პატივს თანაბრად სცემენ.

კომენტარები