მთავარი პროკურორის თანამდებობა

მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დაინიშნა

საქართველოს პრემიერმინისტრმა, იუსტიციის მინისტრის წარდგინებით, მთავარ პროკურორად გიორგი ბადაშვილი დანიშნა.

"მთავარი პროკურორის კანდიდატურისა და ზოგადად პროკურატურის საქმიანობის მიმართ საზოგადოების დიდი ინტერესის გათვალისწინებით, მთავარი პროკურორის კანდიდატურა შეირჩა მისი კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმისა და კარგი რეპუტაციის მიხედვით", - ნათქვამია პრემიერის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გიორგი ბადაშვილი დაიბადა 1981 წელს. 2003 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 2006 წელს გიორგი ბადაშვილი დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის აჭარის სამმართველოს გამომძიებლად. 2008 წელს მუშაობდა ამავე სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-3 სამმართველოს გამომძიებლად. 2011 წელს გიორგი ბადაშვილი დაინიშნა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილედ, მოგვიანებით დაწინაურდა და დაინიშნა სამმართველოს უფროსად. 2013 წლის მაისიდან ნოემბრამდე მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ანტიკორუფციული დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ. 2013 წლის 22 ნოემბრიდან დღემდე იგი მუშაობდა საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსად.

კომენტარები