დანაშაული

ნაციონალური მოძრაობა შსს-ს სტატისტიკის გაყალბებაში ადანაშაულებს

primetimenews.ge

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების გაყალბებაში ადანაშაულებს. საპარლამენტო უმცირესობის წევრის დავით საყვარელიძის განცხადებით, სამინისტრო რეალურად ჩადენილი დანაშაულის მონაცემების რაოდენობას ხელოვნურად ამცირებს. მისი თქმით, სამართალდამცავი სისტემის რეფორმირებისა და კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით, 2013 წელს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები, მეტწილად მცდარი იყო, რამაც დააზარალა როგორც, ქვეყნის იმიჯი, ისე საქართველოს ათასობით მოქალაქე.

"ჩვენი აზრით, ხელისუფლების მიერ შარშან დაშვებული იყო შემდეგი რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა: ოკუპანტი სახელმწიფოს ჯაშუშების, სამხედრო ამბოხში მსჯავრდებულების, რელიგიური ექსტრემისტების ციხიდან გამოშვება ისე, რომ მათ საქმეებზე დღემდე არ არის საიდუმლო გრიფი მოხსნილი; უპირობო ამნისტიით ათასობით პატიმრის გათავისუფლება ისე, რომ არ მომხდარა მათი საქმეების დეტალური შესწავლა; დანაშაულების სტატისტიკის გაყალბება-დამალვა და ჯიუტად იმის მტკიცება, თითქოს ქვეყანაში კრიმინალი იკლებს და არ მატულობს; პოლიციის შესახებ ახალი კანონის ის მუხლი, რომელიც საშუალებას იძლევა პოლიციაში აკადემიის სპეციალური კურსის გავლის გარეშე დაიწყოს მოქალაქემ მუშაობა; პენიტენციალურ სისტემაზე ორგანიზაციული დანაშაულებრივი ჯგუფების კონტროლის აღდგენა, ე.წ. მაყურებლების ინსტიტუტის დაბრუნებით; ყოფილი პატიმრებისგან დაკომპლექტებული, ნახევრად–კრიმინალური დაჯგუფებების შექმნა და პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ გამოყენება აგრესიული და კრინიმალური მეთოდებით; წინა წლების, ე.წ. გახმაურებული საქმეების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მუდმივი მცდელობა, პერმანენტული აპელირება, ე.წ. ,,ახალ გარემოებებზე", როდესაც ფაქტობრივად, არც ერთ საქმესთან დაკავშირებით რამე სიახლე საზოგადოებას აქამდე არ გაუგია", - ჩამოთვალა ხელისუფლების მთავარი შეცდომები დავით საყვარელიძემ.

ასევე, დეპუტატის თქმით - სამართალდამცავი სტრუქტურების პოლიტიკური დევნის იარაღად გამოყენება გაცხადებული ,,პოლიციის დეპოლიტიზაციის" ნაცვლად; აღდგა პოლიციის რეიდების ძველი ტრადიციაც. საყვარელიძემ ხელისუფლება დაადანაშაულა შერჩევით მიდგომაში სამართლის აღსრულებასთან მიმართებით.

„შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არაერთხელ გაცხადებული დანაშაულის კლების ტენდენციის მიუხედავად, 2013 წლის 10 თვეში სასამართლოში გადაგზავნილი სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობა 32%–ით გაიზარდა 2012 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. შსს-ს ცენტრალურ ოფისში ხდება ტერიტორიული დანაყოფებიდან გადმოგზავნილი რეალური სტატისტიკის გადაკეთება და დამავლა. აკლებენ რეალურად ჩადენილი დანაშაულის რაოდენობას და აჩვენებენ სრულიად სხვას. აღარ ქვეყნდება წლიური სტატისტიკა ცალკეული დანაშაულების მიხედვით", - განაცხადა საყვარელიძემ.

მისი თქმით, გახსნილი დანაშაულის რაოდენობაში ითვლება, ძირითადად, ადვილად გამოვლენადი და გახსნადი დანაშაულები, როგორიცაა: ნარკოტიკის მოხმარება, შენახვა, გადატანა-გადაზიდვა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარება და შენახვა. მალავენ ძალადობრივი და საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნამდვილ სტატისტიკას, მაგალითად: ძარცვა, ქურდობა, ყაჩაღობა, სხეულის მძიმე დაზიანება და სხვა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით გასული 12 თვის განმავლობაში ქვეყანაში 28 970 დანაშაული დაფიქსირდა, რაც 10 036 ერთეულით ნაკლებია 2012 წელზე. სამინისტროს ცნობით, გახსნის მაჩვენებელმა 40.9%-ით მოიმატა და 59.9%-ს შეადგენს. სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში არ არის ნაჩვენები, რომელი ტიპის დანაშაულმა იკლო ან მოიმატა. შსს-მ დეტალური მონაცემების გამოქვეყნება 2013 წლის მარტში შეწყვიტა.

დავით საყვარელიზემ ასევე აღნიშნა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში პროტექციონიზმი აღიარებული რეალობაა და ყველა მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილთან ნათესავურად ან მეგობრულად დაკავშირებულ პირებს.

ამავე დროს, მისი თქმით, „კვლავ გამოუძიებელი რჩება შემდეგი საქმეები: 10 თვის ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა; თენგიზ გუნავასთვის პოლიციის თანამშრომლების მიერ იარაღისა და ნარკოტიკების ჩადების საქმე; გელა ხვედელიძის მიერ პირადი ხასიათის ვიდეო ჩანაწერის ინტერნეტით გავრცელების საქმე; უშიშროების სამსახურის თანამშრომლების მიერ მოსამართლის თანაშემწის, ია ბარამიძის იძულება მოსამართლის კაბინეტში დაეყენებინა ჩამწერი აპარატურა; ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, გია ლორთქიფანიძის სახლთან აღმოჩენილი, დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის ანუ ტერორისტული აქტის მცდელობის საქმე; ე.წ. "ჯიჰადის ვიდეობის" დამზადება–გავრცელების რეალური კვალი და შემსრულებელი, ასევე შემსრულებლის მოტივი; NATO–ს მაღალი რანგის დელეგაციის ვიზიტის დროს თბილისის თვითმმართველობის არჩევითი და დანიშვნითი 23 ადამიანის დროებით დაპატიმრებისა და გათავისუფლების საქმე".

საყვარელიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ მოხდა მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის წევრების უკანონო დაკავებები მაშინ, როდესაც ყველა სხვა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმიდან შეგნებულად ამოღებულია ქართულ ოცნებაში გადაბარგებული დეპუტატები: „მაგალითისათვის, საკრებულოს ახალი ხელმძღვანელი ირაკლი შიხიაშვილი ამოღებულია ე.წ. ქართუ ბანკის საქმიდან, თუმცა ფიგურირებს ბრალდების დადგენილებაში ისევე, როგორც სხვა მეწარმეები და ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, თბილისის ყოფილი ვიცე-მერი, რომელიც ასევე არ არის ნახსენები არც ერთ მერიასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეში; ლადო ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან სრულად გათავლისუფლების საქმე; ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ბაჩო ახალაიას წინასწარი პატიმრობის საკანში განხორციელებული უკანონო მოსმენის საქმე; ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის წინასწარი დაკავების საკნიდან უკანონო გაყვანისა და მასზე განხორციელებული ზეწოლის საქმე", - აღნიშნა დავით საყვარელიძემ.

კომენტარები