დავით კეზერაშვილი

პროკურატურა კეზერაშვილზე ალიაში გამოქვეყნებული მასალით დაინტერესდა

საქართველოს მთავარი პროკურორის განცხადებით, უწყება თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის შემოსავლების შესახებ მედიასაშუალებებით გავრცელებულ მასალებს შეისწავლის.

"აღნიშნული ინფორმაცია შეიცავს შესაძლო სამოხელეო დანაშაულის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ნიშნებს. დავით კეზერაშვილი 2003-2008 წლებში იყო საჯარო მოხელე, კერძოდ, მას ეკავა ფინანსური პოლიციის უფროსის და საქართველოს თავდაცვის მინისტრის თანამდებობები. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მისი შემოსავალი აღნიშნულ პერიოდში 100 ათას ლარს შეადგენდა.

აუდიტორული კომპანია დელოიტის დასკვნის მიხედვით, კეზერაშვილის ბიზნეს-სექტორში გადასვლის შემდეგ, მის მიერ ოფშორულ ზონაში დაფუძნებულმა ჰოლდინგური კომპანიის საერთო შემოსავალმა 2009-2012 წლებში ასეულობით მილიონი ამერიკული დოლარი შეადგინა. მთავარი პროკურატურის მიერ მოცემული გარემოებები შესწავლილი იქნება გამოძიების ფარგლებში", - აცხადებს საქართველოს მთავარი პროკურატურა.

მთავარი პროკურატურის განცხადებას დღეს წინ უძღოდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, თინა ხიდაშელის ბრიფინგი, რომელიც, თავის მხრივ, გაზეთ ალიაში დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიას გამოეხმაურა.

"დღეს გაზეთმა ალიამ გამოაქვეყნა დასკვნა ბატონი კეზერაშვილის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, საიდანაც დგინდება, რომ პრაქტიკულად იმ მომენტიდან, როდესაც ეს ბატონი აღარ იყო თავდაცვის მინისტრი, იქიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების ჩათვლით, მთელი ამ დროის განმავლობაში, დაახლოებით ერთმილიარდიანი ფინანსური ბრუნვები ჰქონდა მას ოფშორში რეგისტრირებულ კომპანიაზე. თავისთავად, ეს შეიძლება არც ყოფილიყო მნიშვნელოვანი და საინტერესო მოვლენა, გასაგებია, რომ არის რაღაც ბიზნესი, რომელსაც რაღაც ბრუნვა აქვს და ეს არ უნდა იყოს განსაკუთრებული ინტერესის საგანი თუ არ გავითვალისწინებთ ორ ფაქტორს: პირველი, თავდაცვის მინისტრობიდან გადადგომამდე არც ერთი დღის განმავლობაში, ბატონი კეზერაშვილი არ ყოფილა ბიზნესმენი. საქართველოს არასოდეს არ სცნობია იმის შესახებ, რომ ამ ადამიანს რაიმე განსაკუთრებული ბიზნესწარმატებები ჰქონდა, რაც მას შესაძლებლობას მისცემდა, ქონება დაეგროვებინა და დიდი ფინანსური სარგებელი მიეღო. თუმცა, აღმოჩნდა, რომ მინისტრობიდან გადადგომისთანავე, ეს კაცი გახდა შპს ლუკოილის ნახევრის - 50% წილის მფლობელი, სიმბოლურ ფასად მიიღო მან ეს აქტივები და მაშინ ჩვენ ვამბობდით, რომ პრინციპში, ეს იყო იმ ბიზნესის გათეთრება, რომელიც მანამდე ისედაც ჰქონდა, უბრალოდ, რაკი მინისტრი იყო, ამაზე არ საუბრობდა" - აცხადებს ხიდაშელი და აღნიშნავს, რომ ადრევე იყო საუბარი იმაზე, "თუ როგორი ზეწოლა მოახდინა ბატონმა კეზერაშვილმა არსებულ ნავთობის კომპანიების სხვადასხვა პატარა ქსელებზე, იმისათვის რომ ჩაენაცვლებინა ისინი საკუთარი კომპანიით".

მისივე თქმით, დღეს ეს ფაქტი, რასაც კეზერაშვილი და მისი გუნდი უარყოფდა, დადასტურდა.

"დიახ, ეს ადამიანი არის ამ ქსელის მესაკუთრე, ყოველ შემთხვევაში, 2012 წლის ოქტომბრამდე იყო, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესის, რომლებიც ოფშორში რეგისტრირებული კომპანიის შვილობილი ორგანიზაციები არიან. ძალიან საეჭვოა და ბევრი კითხვაა იმასთან დაკავშირებით, რანაირად გაუჩნდა ამგვარი შემოსავალი მუდმივად საჯარო სამსახურში მყოფ ადამიანს და როგორ მოახერხა, რომ მინისტრობიდან გადადგომისთანავე გახდა მილიონერი. ეს არის ყველაზე მთავარი კითხვა, რომელსაც ჩვენ რამდენიმე წელია ვსვამთ და ეს, რა თქმა უნდა, ადასტურებს ყველა იმ ეჭვს, რომელიც საქართველოში ამ წლების განმავლობაში არსებობდა. რომ მისი თანამდებობაზე ყოფნის დროს, ის დაკავებული იყო ფულის გათეთრებით და საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებით, ჯერ კიდევ ფინანსური პოლიციის ხელმძღვანელობის დროს, შემდეგ უკვე თავდაცვის მინისტრობის დროს. ასევე, ძალიან დიდი სკანდალი იყო იარაღით შესყიდვასთან დაკავშირებით და მე შემიძლია, დარწმუნებით გითხრათ, რომ ეს დოკუმენტებიც ძალიან მალე გახდება ცნობილი. ყოველ შემთხვევაში, მე რამდენიმე ჟურნალისტისგან მაქვს სრულფასოვანი პირობა, რომ მათ აქვთ ეს დოკუმენტები და უახლოეს პერიოდში გამოაქვეყნებენ. მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა და საგამოძიებო ორგანოები დაინტერესდებიან ამ მასალებით და უსწრაფეს დროში, ქართულ საზოგადოებას აცნობებენ ამბავს ორი მთავარი ინფორმაციის შესახებ - ერთი, თავად ამ მიმოქცევის, ამ მილიარდიანი ბრუნვის შესახებ, როგორ აღმოჩნდა ამ კაცის ანგარიშზე ამდენი ფული და როგორ მოახერხა მთელი სიცოცხლის მანძილზე საჯარო მოხელე დავით კეზერაშვილმა მილიონერად გახდომა. და მეორე, იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებულ დეტალებსაც, რასაც დიდი იმედი მაქვს, მალე გაიგებს საზოგადოება პროკურატურის დახმარებით. ეს არის ყველაზე მთავარი ამბები, რაზეც წლების განმავლობაში ვსაუბრობდით - ხელისუფლების მაღალ ეშელონებში გაბატონებული ელიტური კორუფცია, რომლის დასტურსაც ყოველდღიურად იგებს ქართული საზოგადოება მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში" - აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი.

თინა ხიდაშელი იმედოვნებს, რომ "ოპონენტები არ დაიწყებენ საუბარს იმაზე, რომ დავით კეზერაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და მის მიმართ პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს". მისი შეფასებით, ეს ძალიან სასაცილო იქნება.

"უმჯობესია, დოკუმენტებს გაეცეს პასუხი. ეს არ არის უბრალოდ ვიღაცის სიზმრები, რასაც ხშირად გვაბრალებენ ხოლმე, ეს ყველაფერი დოკუმენტურად დადასტურებულია" - აღნიშნავს დეპუტატი.

კომენტარები