ოპერისა და ბალეტის დასის აქცია

ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი, ჟორდანიას გადადგომას მოითხოვს

ზაქარია ფალიაშვილის ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებითი დასი სამხატვრო ხელმძღვანელის, გიორგი ჟორდანიას თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს. მთავრობის კანცელარიაში განთავსებულ ოპერის სარეპეტიციო დარბაზში გამართული მოლაპარაკება გიორგი ჟორდანიასა და ოპერის შემოქმედების დასს შორის უშედეგოდ დასრულდა.

პროტესტის მონაწილეები აღნიშნავენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის სახელით მანიპულირებდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროსგან და პირადად მინისტრ გურამ ოდიშარიასგან იყო პირობა, რომ გიორგი ჟორდანია თეატრში ფულს მიიტანდა, შექმნიდა სამუშაო პირობებს, მიიყვანდა მუსიკოსებს, შედგებოდა გასტროლები, თუმცა, არც ერთი პირობა არ შესრულებულა. მათივე თქმით, სამხატვრო ხელმძღვანელმა თეატრი გაკოტრებამდე მიიყვანა. 

"ჩვენ ვერ ვენდობით ამ ადამიანის კვალიფიკაციას, ვერ ვენდობით მის ნიჭსა და პროფესიონალიზმს. მან ჩვენი მაესტრო ჯანლუკა მარჩიანო იმ დონემდე მიიყვანა, რომ დღეს მარჩიანომ თქვა, რომ მივდივარ თეატრიდან. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. გამოფხიზლდეს კულტურის სამინისტრო, გამოფხიზლდეს ყველა" - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ სოლისტმა ვანო გალუაშვილმა.

დასის წევრების განცხადებით კულტურის სამინისტრო მათ დაპირდა, რომ გიორგი ჟორდანია მხოლოდ და მხოლოდ, თეატრის მმართველად დაინიშნებოდა და რეპერტუარის შერჩევასა თუ დირიჟორობაში არ ჩაერეოდა. პროტესტის მონაწილეების განცხადებით, კი ჟორდანია ყველაფერს საპირისპიროდ აკეთებდა.

ამასთან, ოპერის თანამშრომლებმა დღეს, დირიჟორ ზაზა აზმაიფარაშვილის თეატრში დაბრუნება მოითხოვეს, რაზეც მათი ინფორმაციით, სამხატვრო ხელმძღვანელმა კატეგორიული უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ ყველაფერს თავად წყვეტს. 
დასის წევრების მტკიცებით, ისინი ყველა დაგეგმილ პრემიერასა და ღონისძიებას გააუქმებენ. ისინი სამინისტროსგან მოითხოვენ, რომ სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი თავად თეატრმა აირჩიოს. 

"არც ერთი სპექტაკლი არ გავა, სანამ არ მიიღებენ გადაწყვეტილებას, რომ გიორგი ჟორდანია უნდა წავიდეს თეატრიდან და შემდგომ გაიმართოს სამხატვრო ხელმძღვანელისა და მთავარი დირიჟორის არჩევნები " - განაცხადეს სოლისტებმა.

სამხატვრო ხელმძღვანელმა გიორგი ჟორდანიამ შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

კომენტარები