საქართველოს პრეზიდენტი საპატრიარქოსთან მომხდარ გუშინდელ ინციდენტს ეხმაურება. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით.
"სინანულს გამოვთქვამ საპატრიარქოსთან მომხდარი ინციდენტის გამო. ღირსეული, თავისუფალი ადამიანების საზოგადოებაში სრულიად გაუმართლებელია ძალადობა ნებისმიერი საბაბით. ეს არის ჩვენი ხელისუფლების ურყევი ნება. ეს არაერთხელ ხაზგასმით უთქვამს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქსაც. საქართველო ისტორიულად შემწყნარებლობის, განსხვავებულისადმი პატივისცემის ქვეყანაა. სწორედ ამან შეგვანარჩუნებინა ის მრავალფეროვნება, რომლითაც სამართლიანად ვიწონებთ თავს. ჩვენი ქვეყნის ეთნიკური, რელიგიური, კულტურული მრავალფეროვნება არის და ყოველთვის უნდა იყოს ამოუწურავი რესურსი დიალოგისა და თანამშრომლობისათვის და არა - დაპირისპირებისათვის. დღეს, საქართველოში მედია თავისუფალია. სწორედ მან უნდა გაუხსნას კარი პრობლემურ საკითხებზე მსჯელობას, იქცეს იმად, რაც არის კიდეც მისი დანიშნულება - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე უწყვეტი დისკუსიის სივრცედ. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, პატივისცემით მოეკიდონ ოპონენტთა მიერ აზრის გამოხატვის კონსტიტუციურ უფლებას. რამდენადაც მიუღებელი არ უნდა იყოს ვინმესთვის ეს აზრები, გამოხატვის უფლება ხელშეუხებელია", - აცხადებს პრეზიდენტი.
საპატრიარქოსთან გუშინ საშობაო ეპისტოლეში სუროგაციასა და ხელოვნურ განაყოფიერებაზე საპატრიარქოს პოზიცია გააპროტესტეს. შენობასთან საპატრიარქოს მხარდამჭერი აქციაც გაიმართა. მათ შორის იყო პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებული გიორგი გაბედავა. აქციებზე 5 პირი დააკავეს.
ევგენი და თორნიკე ქავთარაძეები, სანდრო ზაუტაშვილი და ვეფხია ღვალაძე საპატრიარქოს პოზიციის გამპროტესტებელი აქციის მონაწილეთა ფიზიკური შეურაცხყოფისთვისა და პლაკატების დახევისთვის დააკავეს. სამართალდამცველებმა ასევე აიყვანეს აქციის მონაწილე გიორგი ნონიაშვილი.





