გიგი უგულავას საქმე

მერის მოადგილე: თბილისის მერია პროკურატურის მოთხოვნის შესრულებას ვერ შეძლებს

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი აბესაძის თქმით, თბილისის მერია გიგი უგულავას უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მთავარი პროკურატურის მოთხოვნის შესრულებას ვერ შეძლებს. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ეს მხოლოდ თბილისის მერზე თანამდებობით ზემდგომ პირს შეუძლია. თბილისის მერი კი არჩეულია და, შესაბამისად, ზემდგომი პირი არ ჰყავს. ამიტომ თბილისის მერიამ მთავარ პროკურატურას დღეს თხოვნით მიმართა, დაადგინოს საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების აღსრულების წესი.

საქალაქო სასამართლოს განჩინება გიგი უგულავასთვის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ მისმა ადვოკატებმა სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. მიიღებს თუ არა გიგი უგულავას ადვოკატების სარჩელს სააპელაციო სასამართლო, 72 საათში გახდება ცნობილი.

გადაწყვეტილების მიღებამდე სასამართლომ უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებისა და უფლებამოსილების შეჩერების შესახებ პროკურატურის შუამდგომლობები 2 დღის წინ განიხილა. მოსამართლე დალი მეტრეველმა პატიმრობის შესახებ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, ღამის 1-ლ საათზე კი მისთვის მერის უფლებამოსილების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

კომენტარები