ოთარ ფარცხალაძის საქმე

ბაქრაძე: იმედია, ფარცხალაძეს ფაქტის დაზუსტებამდე შეუჩერდება უფლებამოსილება

wikipedia.org

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის დავით ბაქრაძის თქმით, ის ელოდება, რომ მთავარ პროკურორს უფლებამოსილება შეუჩერდება. მან ასევე აღნიშნა, რომ მთავარ პროკურორთან დაკავშირებით ისედაც არსებობდა ძალიან ბევრი სერიოზული კითხვა. მათ შორის, ციხიდან ვანო მერაბიშვილის უკანონოდ გაყვანას და ასევე NATO-ს ვიზიტის დროს 25 ადამიანის უკანონოდ დაკავებასთან დაკავშირებით.

ბაქრაძის თქმით, ის რაც გუშინ გახდა ცნობილი, სცილდება ყოველგვარ ფარგლებს, რადგან ყაჩაღობა და ქურდობა ძალიან სერიოზული დანაშაულის კატეგორიას მიეკუთვნება.
ეს არ არის შემთხვევითი დანაშაული, რომელიც ადამიანს შეიძლება შეემთხვას, მაგალითად, ავტოავარია, ეს არის მძიმე დანაშაული, რომლის ჩამდენსაც არავითარი პოლიტიკური და სამართლებრივი, ასევე მორალური უფლება არ აქვს იყოს მთავარი პროკურორის პოსტზე.

"ამიტომ იმედი მაქვს, მთავრობა ამ საკითხს სახელმწიფოებრივად შეხედავს და ველოდები, რომ ბატონ ფარცხალაძეს ამ ფაქტის საბოლოო დაზუსტებამდე შეუჩერდება უფლებამოსილება, ხოლო თუ ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა, რა თქმა უნდა, ველოდები იმას, რომ ეს ადამიანი დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდება", - აღნიშნა ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, მთავარი პროკურორი გერმანიაში ყაჩაღური ქურდობისთვისაა გასამართლებული.

კომენტარები