პრემიერმინისტრის პოსტის დატოვების შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა პირველი ინტერვიუ ჟურნალ Forbes-ის რუსულ რედაქციას მისცა. ივანიშვილმა სხვადასხვა საკითხთან ერთად მისთვის საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის საკითხზეც ისაუბრა.
"მე ამ დრომდე მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობა მაქვს. მე ამ მოქალაქეობით ვიყავი საქართველოს პრემიერმინისტრი. თუ ამ პერიოდის განმავლობაში მე საქართველოს მოქალაქეობას დამიბრუნებდნენ, არ მექნებოდა პრემიერმინისტრის პოსტზე მუშაობის უფლება. სააკაშვილმა აი ასე დაამახინჯა კონსტიტუცია.
ახლა უზენაესი სასამართლო განიხილავს ჩემი მოქალაქეობის საკითხს და ვფიქრობ, დეკემბრის ბოლომდე აღმიდგენენ საქართველოს მოქალაქეობას. მთელი ჩემი ოჯახი რუსეთის მოქალაქეა. თუ საჭირო გახდება, მეც შემიძლია დავიბრუნო რუსეთის მოქალაქეობა. ჯერჯერობით, ამის საჭიროება არ არსებობს", - განუცხადა ივანიშვილმა Forbes-ს.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ თანამდებობიდან გადადგომიდან ერთი თვის განმავლობაში მხოლოდ ცოტათი გამოძინება მოახერხა, რადგან პოლიტიკაში ყოფნის პერიოდში დიდი სამუშაოს შესრულება უწევდა.
"ამიერიდან მხოლოდ ჩემი შესაძლებლობის ფარგლებში ვიმუშავებ", - უთხრა ივანიშვილმა Forbes-ს. მისივე თქმით, ის ახლა მუშაობს, თუ რა ფორმით ჩაერთოს სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაში და ამ პოზიციიდან როგორ აკონტროლოს მთავრობა.
ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ის არსად წასვლას არ აპირებს და ბოლომდე სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრად დარჩება.





