ქართული ოცნება

ქართული ოცნება და ქართული ზღაპარი

ქართულ ხასიათზე მსჯელობისას ზღაპრის გმირი პირველად, მგონი, გასული საუკუნის 70-80-იანი წლების დასაწყისში გამოიხმეს, როცა გურამ ასათიანის წიგნს აკაკი ბაქრაძე გამოეხმაურა და დისკუსიის ნაწილი ნაცარქექიას ავ-კარგს შეეხო. ხასიათის ეთნიკური ნიშნით განსაზღვრა, შესაძლოა, ფრიად სადავო იყოს და ზღაპრებზე დაკვირვებაც უფრო საგულისხმო გამოდგეს არა იმდენად ხასიათის გასაგებად, რამდენადაც ურთიერთობებზე, მიდგომებზე, კულტურულ პარადიგმებზე დასაკვირვებლად.

ქართულ ზღაპარში, მაგალითად, მოულოდნელად აღმოაჩენ მენცარულ ცოდნას (ქართულ ენაზე ბოლო დროს ითავსებს ფსიქოანალიზის მონათესავე დისციპლინის გაგებას), რომელიც აქვს უმაღლეს ხელისუფალს; აქვე აწყდები ძალმომრეობას სრული ძალაუფლების პყრობის შემთხვევაში და უნარს, მშვიდობიანად დათმო – პოლიტიკური დასუსტების, აგრეთვე კონკურენტის გაძლიერების მიზეზით. ზღაპარში „სიზმარა" სწორედ ეს ხდება. ბიჭის სიზმარი – „ცალი ფეხი ბაღდადს მედგა, ცალი – ბაღდადის ბოლოში; აქეთ მზე მეჯდა, იქით – მთვარე, შუქურვარსკვლავი ხელ-პირს მაბანინებდაო" – სახიფათო სიგნალია როგორც მისი დედინაცვლის, ისე დასავლეთის ხელმწიფისათვის. აბსურდული მოთხოვნა „მაჩუქე შენი სიზმარი" განწირულია შეუსრულებლობისათვის და წარმოადგენს საბაბს, განაწყენების (რეალურად კი ეჭვის) გამო სიზმარა დასაჯო. ხელმწიფე, ბიჭის სიზმრიდან გამომდინარე, სწვდება არაცნობიერის არსს, ხვდება მისი ამბიციის, პოტენციური გაქანების მასშტაბს და ბიჭს ხაროში ჩააგდებს. სიზმარა – გამოხატული პოლიტიკური პატიმარია, რომლის წონა (მათ შორის, ფიზიკური) და მნიშვნელობა იზრდება ციხეში ჯდომისას. მისი ცოდნა და რეკომენდაციები შეუცვლელია ხელმწიფის წინაშე წამოჭრილი ამოცანების გადაჭრის დროს: სიზმარას რჩევით, დასავლეთის ხელმწიფე წარმატებით უმკლავდება აღმოსავლეთის ხელმწიფის დაწოლას. თუმცა, არ იცის, ვინ არის სინამდვილეში მისი რეალური კონსულტანტი, რადგან სიზმარას ხედვებს ხელმწიფის ქალიშვილი აწვდის მამას, წყაროს გაუმხელელად. უსამართლოდ დასჯილი სიზმარა საბოლოოდ ტრიუმფით ბრუნდება თავისუფლებაზე: გათავისუფლების მომენტში ის დევს ჰგავს და მეფის ქალიშვილსაც ირთავს ცოლად. დასავლეთის ხელმწიფე მოწინააღმდეგის გაძლიერების შედეგად სიხარულით მიდის კომპრომისზე. ამბის მენცარული ასპექტი კი ის გახლავთ, რომ სიზმარამ კი არ „აჩუქა" საკუთარი ზმანება ხელმწიფეს, არამედ რეალობად უქცია ის. რევანში ტკბილია ყველგან, მათ შორის – ქართულ ზღაპარშიც. ზღაპარს კიდევ ერთი წახნაგი აქვს: როგორ გაუჩნდა და ამოუმჟღავნდა დედინაცვლის ხელში გაზრდილ გლეხის ბიჭუნას ამხელა გაქანება, ამბიცია და, რაც მთავარია, ჟინი მიზნების ბოლომდე მისაღწევად – გამოცანად რჩება. მან ხომ სიზმარი იქცია ოცნებად, ხოლო ოცნება – აიხდინა: ხელმწიფე გახდა.

ზღაპარი „ორი სილა" სულ ნახევარი გვერდია და იტევს ხელმწიფის კარზე კორუფციის, გამოძალვისა და ძალადობის მოტივებს. სიღარიბით ღონემიხდილი გლეხი მიდის ხელმწიფესთან – ან მომკლას ან საზრდო გამიჩინოსო. კარისკაცი შეუშვებს პირობით, ხელმწიფის ძღვენს შუაზე გამიყოფო. შევა ღარიბი და მეფეს ორ სილას გააწვნევინებს. გამოსვლისას კი კარისკაცს „შუაზე გაუყოფს" – ერთს კარგად ლეწავს. ჩხუბზე ხელმწიფე გამოვა, შეიტყობს ამბავს, გლეხის საქციელი მოეწონება და დაასაჩუქრებს.

„ორი სილა" უზნეობის, ირაციონალობისა და უგუნურების ზეიმია; უზნეოა კარისკაცი, რომელსაც, ერთი შეხედვით, მიზანიც აქვს და ლოგიკური გზაც მოუნახავს ფულის საშოვნელად: ჩაწილება, ძღვენის „გაჭრა" „ატკატი". მაგრამ ამის გაკეთება, პირდაპირი აზრით, მეფის კართან – უგუნურებად მოჩანს. შესაძლოა, ფეხმოკიდებული კორუფცია კარისკაცს სწორედ ასეთი თამაშის წესისკენ უბიძგებს ისე, რომ გამბედაობის მოკრებაც არ სჭირდება. გამოძალვა ხდება უშიშრად, განცდის გარეშე, რომ რისკავ. და მართლაც – კარისკაცს ერთი გაულაწუნეს, თორემ მეფეს ის არაფრისთვის დაუსჯია – ზღაპარი გვეუბნება, რომ კარისკაცი მხოლოდ „შერცხვენილი დარჩა".

წარმოდგენა ძალაუფლებასა და უმაღლეს ხელისუფალზე, ზღაპრის მიხედვით, ასეთია: ხელისუფლებამ უნდა გარჩინოს და გაჭამოს; სხვანაირად, მზად ხარ შენი სიკვდილიც კი მას აჰკიდო. ხელმწიფე ცოტა ჩლუნგია და უგრძნობელი: მის წინაშე უღარიბესი ადამიანი წარდგება და სილის გაწვნას სთხოვს, ისიც უსრულებს და აზრზე ვერ მოდის, მართლა რა სჭირდება ამ ადამიანს. მმართველობა მორღვეული აქვს – მისგან რამდენიმე მეტრში ჩინოვნიკები ქვეშევრდომებს ყვლეფენ. ძალადობა მიღებული და ირიბად წახალისებულია: მეფე გლეხს ულაწუნებს, გლეხი კარისკაცს, ის ხურდას უბრუნებს და ამის მერე გლეხის საზრიანობით აღფრთოვანებული ხელმწიფე მას კარგად ასაჩუქრებს. თან ფეხებზე ჰკიდია, რომ მსახური გაულახეს. მოკლედ, ყველა ამნისტირებულია.

ამ გლეხსაც სტიქიები მსჭვალავენ: არ ვიცით, უსაქმურობის, არ ვიცით შრომის დაბალი ნაყოფიერების გამო სული სძვრებოდა და უკეთესი ვერაფერი მოიფიქრა, თუ არა მეფესთან სათხოვნელად მისვლა. მას ორნაირი მოლოდინი აქვს: წყალობის და სისასტიკის. და კარისკაცის გადამკიდე, ორივეს ისრულებს: მეფეს სთხოვს, მისთვის მხოლოდ ორი სილა გამოიმეტოს. რაციონალური იქნებოდა, რისთვისაც მივიდა, ის ეთხოვა – შემწეობა, მაგრამ, გახრწნილ ბიუროკრატიულ აპარატთან ურთიერთობას აბსურდულ, სასოწარკვეთილ ლოგიკამდე მიჰყავს; მისი მაზოხისტური ამბოხი გათვლილია და ძალიან რისკიანიც: ის შეიძლება ძვირად დაუჯდეს. უკიდურესი სასოწარკვეთის გამო ის ელევა და ცვლის მიზანს: გადარჩენის ნაცვლად ახლა მხოლოდ შურისგება აინტერესებს და აღარ დაეძებს, რა მოხდება. ზღაპრის შემქმნელის ანუ ხალხის წარმოდგენით, გლეხს უმართლებს და ეგებ კანონზომიერადაც, რადგან ის ურთიერთობს ასევე ირაციონალურ და უმორალო არსებებთან. საბოლოოდ, აღმოჩნდება, რომ ხალხსა და ხელისუფლებას ერთმანეთის მშვენივრად ესმით და მშვენივრადაც თანაარსებობენ: არც კომუნიკაცია უჭირთ (გლეხს მეფესთან შეესვლება), ძალმომრეობა საყოველთაოა და ინტერესებიც ამ ნიადაგზე სპონტანურად ბალანსდება (სარჩოს სათხოვნელად მეფესთან მისული გლეხი შემწეობას მარტივი ძალადობრივი კომბინაციის შედეგად იღებს, თუმცა, ვერ იტყვი, რომ ამ შედეგს ელოდა). არაფერი იცვლება და ძალაში რჩება ოცნება, რომ უმაღლესი ხელისუფალი გარჩენს: აკი ვნახეთ, რომ გლეხს ეს ოცნება აუსრულდა.

 

კომენტარები