მერიის მაღალჩინოსნების დაკითხვა

სამართალდამცველებმა მერიის თანამშრომლები დაკითხეს

tbilisi.gov.ge

ქვემო ქართლის საგამოძიებო სამსახურში გუშინ სამართალდამცველები დავით ალავიძეს, დავით ავალიანსა და ალექსი თაბუაშვილს კითხავდნენ.
თბილისის მერიის თანამშრომლების დაკითხვის პროცესი გვიან ღამემდე გაგრძელდა. გავრცელებული ინფორმაციით, პარალელურად მიმდინარეობდა თბილისში დავით ხოსრუაშვილის დაკითხვა.

მერიის აღნიშნული თანამშრომლები თბილისში რასმუსენის ვიზიტის დროს დააპატიმრეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს. საქმე ეხება მერიის განვითარების ფონდიდან წინასაარჩევნოდ გახარჯულ თანხებს. საქმეზე სასამართლომ გამოძიების ვადა მესამედ გაახანგრძლივა. ადვოკატების თქმით, გუშინ მათი დაცვის ქვეშ მყოფებმა მანამდე მიცემული ჩვენებები დააზუსტეს. თბილისის მერის მოადგილე კი ამბობს, რომ განვითარების ფონდის თანამშრომლებს გიგი უგულავას საწინააღმდეგო ჩვენების მიცემა მოსთხოვეს.

"უკვე მერამდენედ დაიკითხნენ მერიის თანამშრომლები. როგორც მოგეხსენებათ, ეს ადამიანები ადრე უკვე დაკითხულები იყვნენ. საქმე სასამართლოში გადასაცემად თითქმის მზად არის. თუმცა, დღევანდელი დაკითხვის ერთადერთი მიზანი და მოთხოვნა იყო, რომ მათ ჩვენება მიეცათ და ხელი დაედოთ გიგი უგულავასთვის, რასაც მათ, რა თქმა უნდა, ვერ მიაღწიეს", - ამბობს თბილისის მერის მოადგილე ირაკლი აბესაძე.

"ბრალდებულები დამატებით დაკითხვაზე გამოიძახეს. საქმის ირგვლივ, ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფებმა უკვე მისცეს ჩვენებები, დღეს მოხდა ამ ჩვენებების დაზუსტება. გამოძიება დაინტერესდა დამატებითი დეტალებით, რომელსაც გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გაგიმხელთ", - აღნიშნავს დავით ალავიძის ადვოკატი გიორგი კონდახიშვილი.

 

კომენტარები