უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

კიევის პატრიარქი: მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი იმპერიის შექმნას გეგმავს

პატრიარქი ფილარეტი
telegraf.com.ua

კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქმა ფილარეტმა, უკრაინაში ევროინტეგრაციის შეჩერების გამო დაწყებულ საპროტესტო გამოსვლებთან დაკავშირებით ტელეკომპანია რუსთავი 2-ს ინტერვიუ მისცა. ფილარეტის განცხადებით უკრაინელი ხალხი კრემლს ხელს უშლის ახალი იმპერიის შექმნაში. 

”ჩვენ ხალხის პოზიციას ვიზიარებთ. ხალხი ევრომაიდანზე იმიტომ გავიდა, რომ უკრაინამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. მთელი წლის მანძილზე, ხალხს ამზადებდნენ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, მაგრამ როდესაც ვილნიუსში პრეზიდენტმა არ მოაწერა ხელი შეთანხმებას, მოსახლეობა გაბრაზდა. ამბობდნენ ერთს და მოხდა მეორე. პირველები დემონსტრაციაზე სტუდენტები გამოვიდნენ. მათ არ სურდათ ოპოზიციასთან გაერთიანება და ხაზს უსვამდნენ, რომ მათი პროტესტი მშვიდობიან ხასიათს ატარებდა. ეს დემონსტრაცია დაარბიეს და ბავშვებს ცემეს. ამიტომაც, მშვიდობიან დემონსტრაციას მთელი უკრაინა შეუერთდა. ქვეყნის ყველა ოლქიდან ჩამოვიდა ხალხი და დამოუკიდებლობის მოედანზე აქციას შეუერთდა. შემდეგ, ოპოზიციაც შეუერთდა და კვირას, აქციაზე 700 000-დან მილიონამდე ადამიანი გამოვიდა. ხალხმა ევროკავშირთან შეთანხმების გაფორმებასთან ერთად, უკვე მთავრობის გადადგომაც მოითხოვა.

მოსკოვი პოსტსაბჭოთა სივრცეში ახალი იმპერიის შექმნას გეგმავს. ამ იმპერიის საფუძველი კი საბაჟო კავშირია, რომელსაც უკრაინის სახით, ძლიერი მოკავშირე სჭირდება. მოსკოვი ყველა ხერხს მიმართავს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება არ დაუშვას.

უკრაინა მოსკოვისგან დამოუკიდებელი სახელმწიფოა. რუსეთს კი სურს დაიმორჩილოს ანუ შექმნას ე.წ საბაჟო კავშირი. ეს კი, შენიღბული ახალი იმპერიაა. უკრაინას ახალ იმპერიაში შესვლა არ სურს. ამიტომ, რუსეთი სხვადასხვა მეთოდს მიმართავს, რომ გავლენა მოახდინოს უკრაინაზე და საბაჟო კავშირში გააერთიანოს. ამის შემდეგ კი, ახალი იმპერია ჩამოაყალიბოს. თუ ეს არ იქნება საბჭოთა კავშირი, ეს იქნება სლავური კავშირი ან სხვა სახელწოდების, მაგრამ რუსეთს აუცილებლად სურს, რომ შექმნას ახალი კავშირი, რომელიც დაუპირისპირდება ევროკავშირს.” - აცხადებს ფილარეტი.

პატრიარქმა ფილარეტმა საქართველოს ეკლესიის მიერ, უკრაინის ავტოკეფალიის არ აღიარების ფაქტზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ეკლესია მათ მოსკოვის ზეწოლით არ აღიარებს. პატრიარქი ფილარეტის თქმით, მან ნახა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე.

”სააკაშვილმა სიმართლე ილაპარაკა რუსეთზე - რას აკეთებდა რუსეთი ადრე და რას აკეთებს ახლა. დაპირისპირება შესაძლოა გადაიზარდოს ახალ ცივ ომში, რომელიც არ არის შორს ნამდვილი ომისგან. თუ უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი, ჩამოყალიბდება ძლიერი გაერთიანება ევროპული ქვეყნების და შეერთებული შტატების სახით. ეს იქნება უძლიერესი ძალა მსოფლიოში, რომელსაც შეუძლია, რომ არ დაუშვას ომი. რუსეთმა ეს კარგად იცის. ამიტომაც არის, რომ მოსკოვი არ აძლევს საშუალებას უკრაინას, რომ გაწევრიანდეს ევროკავშირში. უკრაინელი ხალხი იბრძვის, რომ რუსეთის მიზნები რეალურად არ განხორციელდეს.

ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის დელეგაცია, რომელშიც ხარკოვის ეპისკოპოსიც იყო, თბილისში იმყოფებოდა. მიტროფანს ძალიან თბილად დახვდნენ მთავრობის წარმომადგენლებიც და პატრიარქიც. სამწუხაროდ, მას არ შეუძლია ჩვენთან ერთად სამლოცველო ურთიერთობაში შემოსვლა მოსკოვის პოზიციის გამო. არა იმიტომ, რომ ის არ გვაღიარებს ჩვენ ეკლესიად, არამედ, იმის გამო, რომ მოსკოვი დგას ჩვენს შორის. ქართულმა ეკლესიამ გაუძლო წლების განმავლობაში არაღიარებას, ჩვენც გვჯერა, რომ ასევე გავუძლებთ და ჩვენსას მივაღწევთ. უკრაინაც გახდება დამოუკიდებელი სახელმწიფო და ჩვენს ქვეყანაშიც იქნება ერთი მართლმადიდელი ეკლესია სხვა მართლმადიდებელიი ეკლესიების თანასწორი” - აცხადებს ფილარეტი.

კომენტარები