ხურჩის ინციდენტი

მინაშვილი: არის ინფორმაცია, რომ რუსეთმა რომან შამათავას მკვლელობა შეუკვეთა

რადიო "თავისუფლება"

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის აკაკი მინაშვილის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეში ბრალდებულ რომან შამათავას გადაცემას ითხოვს. როგორც აკაკი მინაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არის ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციას რომან შამათავას მკვლელობა ჰქონდა შეკვეთილი. უმცირესობის წევრი იმედოვნებს, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთს რომან შამათავას არ გადასცემს.

აკაკი მინაშვილის თქმით, ხელისუფლებამ დაიწყო ისეთი საქმეების გამოძიება, რომელიც რუსეთის ფედერაციის ინტერესშია. დეპუტატის ინფორმაციით, ხელისუფლება რამდენიმე აფხაზი ტერორისტის მკვლელობის საქმის გამოძიებას აპირებს. აკაკი მინაშვილმა მაგალითად ბუთბას მკვლელობა მოიყვანა. მისი თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს აღნიშნული საქმე გამოიძიოს იმ მიმართულებით, რომ ეს მკვლელობა ჩაიდინეს ქართველებმა - რომან შამათავამ და სხვა ადამიანებმა.

"სამართალდამცავებისა და სპეცსამსახურების მანქანა მიმართულია იმისკენ, რომ რუსების მიერ განხორციელებული ხურჩის ინციდენტი დაბრალდეს საქართველოს ხელისუფლებას და ნამუსი მოეწმინდოს რუსეთის ფედერაციას", - ამბობს აკაკი მინაშვილი.

დღესვე, ე.წ. ხურჩის ტერაქტის საქმეზე პრესკონფერენცია ადვოკატმა გიორგი ონიანმაც გამართა. მისი შეფასებით, საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და არავინ არ ცდილობს რეალობის დადგენას. ადვოკატმა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის პარლამენტში გამოსვლა გაიხსენა, სადაც პრემიერმა თქვა, რომ დაკავებული ჰყავდა ორი ძალიან მძიმე დამნაშავე და უახლოეს დღეში საზოგადოებას ამცნობდა, თუ როგორი ტერორისტული აქტი განახორციელეს ამ ადამიანებმა. ონიანის ინფორმაციით, პრემიერის აღნიშნული განცხადებიდან ორ დღეში, ტერორიზმის მუხლის მქონე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებული მალხაზ მურღულია 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლეს. გიორგი ონიანის შეფასებით, ტერორიზმი არის ერთ-ერთი უმძიმესი ბრალდება და ხელისუფლებას რომ სჯეროდეს ხურჩის ტერაქტის რეალურობა, ტერაქტის ჩამდენს ქუჩაში არ გამოუშვებდა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას შეუძლია ერთი ჩვენების საფასურად ე.წ. ტერორისტი ქუჩაში გაუშვან, ოღონდ აღნიშნული ფაქტი რაიმე სახით ძველი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს დაუკავშირონ. ადვოკატის ინფორმაციით, მურღულიასთან დაკავშირებული შუამდგომლობის ინიციატორი პროკურატურა იყო. მისივე თქმით, პროკურატურამ ითხოვა, რომ ტერორიზმის მუხლით ბრალდებული ადამიანი 5 000 ლარად გათავისუფლებულიყო.

"მურღულიას ჩვენებაში საუბარია, რომ პირადად მან ესროლა ჭურვი ავტობუსს, რომელშიც ქართველი მოსახლეობა იჯდა. ასევე იგი ჩვენებაში ამბობს, რომ ყოველივე ეს შამათავას დავალებით განახორციელა. ეს ნონსენსია, რადგან შამათავა აბსოლუტურად სხვა დანაყოფის ხელმძღვანელი იყო", - ამბობს ონიანი და აღნიშნავს, რომ უშუალოდ მურღულიას ხელმძღვანელები დაკითხულები არ არიან და მათ ბრალიც არ აქვთ წაყენებული.

შეგახსენებთ, რომ შსს-ს სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა, ტერორისტული აქტის მოწყობის ბრალდებით შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი რომან შამათავა და სამეგრელო-ზემო სვანეთის სპეციალურ ღონისძიებათა ცენტრის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მალხაზ მურღულია 22 ოქტომბერს დააკავეს. მათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 24 ოქტომბერს პატიმრობა შეუფარდა. თუმცა, მალხაზ მურღულია 28 ნოემბერს, 5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ, პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე გაათავისუფლეს.

კომენტარები