იაპონიის საელჩო

ნინო ანანიაშვილმა იაპონიის მთავრობის საპატიო ჯილდო მიიღო

/ faceebook.com

პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილს იაპონიის მთავრობის საპატიო ჯილდო გადაეცა. იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელი თბილისის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის საბალეტო დასის ხელმძღვანელს 4 დეკემბერს იაპონიის ელჩმა საქართველოში ტოშიო კაიტანმა გადასცა. ნინო ანანიაშვილს ეს ჯილდო წლების განმავლობაში საქართველოსა და იაპონიას შორის მეგობული ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცა.

„ნინო ანანიაშვილი საოცარი ხელოვანია, გამორჩეული არტისტი და უკვე ძალიან დიდი ხანია იაპონიასთან გამორჩეული ურთიერთობები აქვს. დიდ პატივს ვცემთ მის პედაგოგიურ მოღვაწეობასაც და გვიხარია რომ იაპონელ ბალერინებსაც უზიარებს საკუთარ გამოცდილებას“, - განაცხადა იაპონიის ელჩმა, ტოშიო კაიტანმა, დაჯილდოვებისას.

იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის ქების სიგელით ჯილდოვდებიან გამოჩენილი უცხოელი ან იაპონელი საზოგადო მოღვაწეები ან ჯგუფები საერთაშორისო ასპარეზზე გამორჩეული წარმატებისთვის. ნინო ანანიაშვილი პირველი ქართველი ხელოვანია, რომელსაც იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრის სიგელი გადაეცა. ჯილდოს გადაცემის საზეიმო ცერემონიას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა და კულტურის და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

კომენტარები