საპროტესტო აქციები კიევში

ალასანია: საბოლოოდ, უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი ჩვენთან ერთად

facebook.com/alasaniairakli

საქართველოს თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განცხადებით, უკრაინაში განვითარებული მოვლენები საგანგაშოა. როგორც ალასანიამ მარნეულის საავიაციო ბაზაზე ყოფნისას თქვა, საქართველოსთვის უკრაინა ყველა მთავრობის პირობებში სტრატეგიულ პარტნიორად რჩება.

"საქართველოსთვის უკრაინა რომ სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ რომ უკრაინის მეგობრები ვართ, ეს, მე მგონი, ცხადად დადასტურდა ყველა მთავრობის პირობებში. როგორც ჩემი ქვეყნის რიგითი მოქალაქე, მე ვგულშემატკივრობ უკრაინის ევროპულ პერსპექტივას, იმიტომ, რომ ეს არის მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი ქვეყანა. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ უკრაინა გახდება ევროპული ოჯახის ნაწილი ჩვენთან ერთად. რაც შეეხება დღეს მიმდინარე მოვლენებს, ეს არის საგანგაშო. ბუნებრივია, ევროპული ქვეყნები, პარტნიორებიც ყველანი გულშემატკივრობენ, რომ მშვიდობით დასრულდეს შიდაპოლიტიკური დაძაბულობა და უკრაინა დაადგეს ევროინტეგრაციის გზას. ჩვენ უკრაინელი ხალხის და ასევე ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პატივს ვცემთ და როგორც არ უნდა დასრულდეს მოლაპარაკებები ევროპასთან, ორმხრივი ურთიერთობები უკრაინასა და საქართველოს შორის განვითარდება მომავალშიც", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

უკრაინაში უკვე რამდენიმე დღეა აქციები მთავრობისა და პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით იმართება. საპროტესტო ტალღის აგორების მიზეზი უკრაინის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარის თქმა გახდა.

უკრაინული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 1 დეკემბერს სპეცრაზმთან შეტაკების შემდეგ სამედიცინო დახმარება 165 ადამიანს დასჭირდა, 109 კი ჰოსპიტალიზებულია. დაშავებულებს შორის არიან ჟურნალისტებიც.

კიევში გასულმა ღამემ მშვიდად, მნიშვნელოვანი ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა, ოპოზიციის ლიდერთა მოწოდების შემდეგ, რამდენიმე ათასმა აქტივისტმა დღეს გამთენიისას სამთავრობო შენობების ბლოკირება დაიწყო.

უკრაინის პოლიციამ სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობაში შეჭრილებს შენობების დასაცლელად რამდენიმე საათი მისცა.

კომენტარები