დაავადებათა კონტროლის ცენტრი

ლელა სტურუა: სრულად უნდა აიკრძალოს თამბაქოს გარე და არაპირდაპირი რეკლამა

თამბაქო უნდა გაძვირდეს, სრულად უნდა აიკრძალოს გარე რეკლამა და არაპირდაპირი თამბაქოს რეკლამა, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრში თამბაქოს კონტროლის ჩარჩოკონვენციის განხორციელების საკითხებზე მიძღვნილ კონფერენციაზე ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა.

სტურუას თქმით, საქართველოში ყოველწლიურად თამბაქოსთან ასოცირებული დაავადებებით 11 ათასამდე ადამიანი იღუპება, მათგან 3 ათასამდე პასიური მწეველობისგან. მისივე თქმით, სხვადასხვა დროს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის და სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებული კვლევებით, საქართველოში მოსახლეობის 30% თამბაქოს მომხმარებელია, აქედან 55% მამაკაცია, ქალების მხოლოდ 5% აცხადებს, რომ მწეველია. სტურუას მონაცემებით, მოზარდების 16% ადასტურებს, რომ ბოლოს ერთი თვის განმავლობაში სიგარეტი მოუწევია, აქედან 30%-მა მოწევა 13 წლამდე ასაკში დაიწყო, 87%-მა კი განაცხადა, რომ მათი მეგობარი ეწევა.

როგორც JTI Caucasus-ის კორპორაციულ საკითხთა და კომუნიკაციების დირექტორი ნიკოლოზ მჭედლიშვილი ამბობს, აკრძალვებით სიგარეტის მოხმარების შემცირება სასურველ შედეგს არ გამოიღებს. მჭედლიშვილის თქმით, მხოლოდ საკნონმდებლო შეზღუდვები მწევლის ქცევაზე გავლენას ვერ ახდენს, რადგან თუ ადამიანი მწეველია, ის მონახავს გზას, რომ მოწიოს. "ჩვენ არ უნდა დავუშვათ ამ სფეროს კრიმინალიზაცია. თუ პროდუქცია ძალიან გაძვირდება, მწეველი კონტრაბანდულ სიგარეტს მოწევს, რადგან ის უფრო იაფია. ან უარეს შემთხვევაში, მოწევს გაცილებით უფრო უხარისხო სიგარეტს - შესაბამისად, ჯანმრთელობასაც უფრო დააზიანებს", - აღნიშნავს მჭედლიშვილი. 

კომენტარები