ქართული დელეგაციის ნაწილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დასასწრებად ვილნიუსში გაემგზავრა. ამასთან, ვილნიუსში უკვე იმყოფებიან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რომლებიც მონაწილეობას სამოქალაქო საზოგადოების კონფერენციაში მიიღებენ. ისინი ადამიანის უფლებებზე, სამოქალაქო სექტორის როლსა და დემოკრატიული რეფორმების კუთხით საქართველოში არსებულ ვითარებაზე ისაუბრებენ. კონფერენციას ევროკავშირის მაღალჩინოსნებიც დაესწრებიან.
ვილნიუსში სამიტის პარალელურად დაგეგმილია საპარლამენტო და ბიზნეს ფორუმები, რომელშიც საქართველოს დელეგაციის წევრებიც მიიღებენ მონაწილეობას.
"ვილნიუსის სამიტის ფარგლებში ტარდება საპარლამენტო ფორუმი და ჩვენც ამ ფორუმზე მივდივართ დასასწრებად. დაგეგმილი გვაქვს ორმხრივი შეხვედრები იმ ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებთან, ვინც იქნებიან წარმოდგენილნი", - თქვა უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით კი, კარგი იქნებოდა, საქართველო უკრაინასთან ერთად ყოფილიყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში.
"ჩვენ იმედი გაგვიცრუა იმან, რაც მოხდა. ძალიან გვინდოდა და კიდევ ვიტოვებთ ამის იმედს, რომ ერთად ვყოფილიყავით აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში და უკრაინას ხელი მოეწერა ვილნიუსის სამიტზე ასოცირების შესახებ ხელშეკრულებისთვის. ამის მიუხედავად, მე მაინც იმედიანად ვუყურებ უკრაინის მომავალს. ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ეს ადრე თუ გვიან მაინც მოხდება", - აღნიშნავს მაია ფანჯიკიძე.
ვილნიუსში აღმოსავლეთ პარტნიორობის მესამე სამიტი ხვალ მასშტაბური მიღებით გაიხსნება. ლიტვის პრეზიდენტი ევროკავშირის წევრი ქვეყნების მეთაურებს უმასპინძლებს. სამიტზე მიწვეულები არიან ყოფილი საბჭოთა კავშირის ის ქვეყნები, რომლებისთვისაც ეს პროგრამა შეიქმნა. დაგეგმილია საქართველოსა და მოლდოვის მიერ ასოცირების ხელშეკრულების პარაფირება. რაც შეეხება უკრაინას, მან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე უარი თქვა და ჯერჯერობით, უცნობია, შეცვლის თუ არა პოზიციას.
ვილნიუსის სამიტს საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად დაესწრებიან.





