ანაკლიის პორტის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობა კვლევის ჩატარებას აპირებს. როგორც ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, კვლევას საპარტნიორო ფონდი დააფინანსებს და ამისთვის, 5 მილიონ დოლარს გამოყოფს.
მისი თქმით, ქართული მხარე მოიზიდავს საუკეთესო კომპანიებს მსოფლიოში, რათა შეისწავლონ შავი ზღვის პირას სატრანსპორტო-ლოჯისტიკური კვანძის, მათ შორის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის მიზანშეწონილობა. კვირიკაშვილი ამბობს, რომ ეს კვლევა შემდგომში საბანკო ინსტიტუტებში წარსადგენი დოკუმენტი უნდა იყოს.
კომპანიების მოსაწვევად, მთავრობა საერთაშორისო ტენდერს სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს. კვლევის ჩატარებას კი, ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, რამდენიმე თვე დასჭირდება.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა 30 სექტემბერს, სასტუმრო შერატონ მეტეხი პალასში თანაინვესტირების ფონდის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ერთ-ერთი უდიდესი პროექტი, რომელსაც აღნიშნული ფონდი დააფინანსებს, ანაკლიის პორტია. ივანიშვილის განცხადებით, პორტი საქართველოში უდიდესი იქნება და ის წელიწადში 110 მილიონი ტონა ტვირთის გატარებას შეძლებს.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით კი, მთავრობა ანაკლიის პორტის იქ აშენებას აპირებს, სადაც ყოფილი ხელისუფლება გეგმავდა ლაზიკის პორტის აშენებას.
"ამ სანაპირო ზოლში არის მხოლოდ ერთადერთი ღრმა კანიონი, სადაც შეიძლება აშენდეს პორტი, რომელიც დიდი გაბარიტების გემებს მიიღებს და სამომავლოდ გაზრდის შემოსავალს ქვეყნისთვის. ერთი წელი ჩვენ დავკარგეთ არაფერში. ამ ერთი წლის განმავლობაში პორტი შეიძლება ყოფილიყო მშენებლობის დასრულების სტადიაზე. სამეგრელოსთვის ანაკლიის პროექტის გაჩერება იყო განვითარების არტერიის გადაკეტვა და სწორედ ამასთან არის დაკავშირებული, რომ ეს განცხადება დღეს წინასაარჩევნოდ გააკეთა პრემიერმინისტრმა, რომ როგორმე სამეგრელოში მაცხოვრებელი ადამიანების გული მოიგოს", - თქვა გიორგი ვაშაძემ 30 სექტემბერს.





