ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლა

საგანელიძე: ბიძინა ივანიშვილი პარტიისთვის დანაკლისია

interpressnews.ge

ქართული ოცნების წევრის დავით საგანელიძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი პარტიისთვის დანაკლისია. მისი თქმით, ივანიშვილი იყო მძიმე პოლიტიკური ფიგურა, რაც მათ ბევრ რამეს უადვილებდა.

"ქვეყნისთვის კარგია, როდესაც პოლიტიკურ პარტიებს შორის შედარებით თანაბარი კონკურენცია იქნება, რადგან ივანიშვილის ყოფნა პარტიაში ამ ბალანსს არღვევდა. მეორე თემაა პარტიის ახალი ხელმძღვანელობა. მივესალმები ახალგაზრდა, ენრეგიულ და ღირსეულ კანდიდატურას, ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე. მიმაჩნია, რომ ის ძალიან კარგი თავმჯდომარ იქნება", - თქვა საგანელიძემ.

საგანელიძის შეფასებით, კარგად არის შერჩეული პარტიის პოლიტსაბჭოს შემადგენლობაც. პოლიტსაბჭოს წევრთა რაოდენობის შემცირება კი ორგანოს უფრო მოქნილსა და მობილურს გახდის.

"დარწმუნებული ვარ, პოლიტსაბჭო გენერალურ მდივნად დაამტკიცებს კახი კალაძის კანდიდატურას, რადგან ის ამას იმსახურებს და კარგი მენეჯერი იქნება", - აღნიშნა საგანელიძემ.

საგანელიძემ თბილისის მერობაზე ქართული ოცნების კანდიდატად დავით ნარმანიას დასახელებაზე თქვა, რომ "ნარმანია ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატია". მისი თქმით, ნარმანია კარგი მეურნე და კარგი ორგანიზატორია და ღირსეულად უძღვება დაკისრებულ მოვალეობას.

"ეს ყველაფერი ის წინაპირობებია, რომლებმაც უნდა გვაფიქრებინოს, რომ ეს ახალგაზრდა და ნიჭიერი კაცი, დავით ნარმანია მერობის კანდიდატი უნდა იყოს. მე მას წარმატებებს ვუსურვებ და დავულოცავ მერობისკენ მიმავალ გზას, რომელიც საკმაოდ რთული გასავლელი იქნება", - აღნიშნა საგანელიძემ.

 

კომენტარები