ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი მოითხოვს, რომ მტკიცებულებათა ნუსხაში შევიდეს ამერიკული კერძო კომპანია "დენსუსის" მიერ მომზადებული დასკვნა 26 მაისთან დაკავშირებით. როგორც ყოფილმა პრემიერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხადა, ამ დასკვნის გარეშე სასამართლო პროცესებს აზრი ეკარგება. მისივე თქმით, დასკვნაში ნათლად ჩანს, რომ მის მიმართ წაყენებული ბრალდება უსაფუძვლოა.
"ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა, რომ ეს დასკვნა არ გამხდარიყო საჯარო. 2011 წელს, 26 მაისის შემდეგ, შსს-მ მიმართა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს, რომ შესაბამის კომპეტენტური ორგანოებს მოემზადებინათ დასკვნა, რათა შეგვესწავლა სამინისტროს ქმედებები. ეს დოკუმენტი ჩვენი შეთანხმებისამებრ არ გვინდოდა გამოქვეყნებულიყო, რათა არ ჩათვლილიყო, რომ ეს იყო თავის მართლება. ამით გარკვეულ პოპულიზმს ჰქონდა ადგილი. ეს იყო განკუთვნილი იმის დასადგენად, თუ როგორ მოქმედებდა პოლიცია. მას შემდეგ, რაც საქმე აღიძრა ჩემს მიმართ ამ საქმეზე, პროკურატურა, შს სამინისტრო, მიუხედავად ჩემი ადვოკატების არაერთი თხოვნისა, უარს ამბობდა ამ დასკვნის გასაჯაროებაზე. მას შემდეგ, რაც მივმართეთ ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს და რაც საელჩო უშუალოდ ჩაერია, დაცვის მხარეს გადაეცა ეს დასკვნა. იმ შემთხვევაში, თუ ეს დასკვნა არ ჩაიდება, ამ პროცესებს აზრი ეკარგება. ამ დასკვნის შემდეგ, ვერც ერთი მოსამართლე ვერ იმსჯელებს ჩემს ბრალეულობაზე. საქართველოს ხელისუფლებისთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის კი, ეს დასკვნა საბედისწეროა", - განაცხადა ვანო მერაბიშვილმა.
პროკურატურის განმარტებით კი, "დენსუსის" მიერ მომზადებული დასკვნა საქმეში ვერ ჩაიდება, რადგან დასაკითხ პირთა შორის დაცვის მხარეს დასკვნის ავტორები შეყვანილი არ ჰყავს.
ამასთან, დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა, რომ მისცემოდათ გონივრული ვადა პროკურატურის მიერ წამოყენებულ მტკიცებულებებზე პასუხის გასაცემად. ეს შუამდგომლობა მოსამართლემ დააკმაყოფილა და 26 მაისის საქმეზე ივანე მერაბიშვილის სასამართლო პროცესი 27 ნოემბერს ჩაინიშნა.





