ცვლილებები ქართულ ოცნებაში

საგანელიძე: ლორთქიფანიძის საკითხი პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება

დავით საგანელიძე
primerinfo.ge

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე ადასტურებს, რომ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის საკითხი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს უახლოეს სხდომაზე განხილვის საგანი იქნება. მისი თქმით, დატოვებს თუ არა ლორთქიფანიძე პარტიას, ამაზე გადაწყვეტილებას პოლიტსაბჭო მიიღებს.

"ფრაქციის სხდომაზე ნამდვილად ვიმსჯელეთ საკითხზე, რომელიც უკავშირდებოდა დავით ლორთქიფანიძის გარკვეულ ჩარევას ადგილობრივი მმართველობის სტრუქტურებში. მან ამაზე გარკვეული შენიშვნები მიიღო. გარდა ამისა, განვიხილეთ თემა, რომელიც საარჩევნო შტაბის საქმიანობას ეხებოდა – დავალებები, თხოვნა, რაც ლორთქიფანიძეს შტაბიდან მიეცა, მან თავისებურად შეასრულა, შტაბის გადაწყვეტილებებს არ დაემორჩილა. თემა ფრაქციის სხდომაზე განვიხილეთ და მე, როგორც შტაბის ხელმძღვანელმა, ამაზე პრეტენზიები გამოვთქვი. ასევე გამოითქვა გარკვეული შენიშვნები და პრეტენზიები, რომ ის აქტიურად ერევა ვანის რაიონის თვითმმართველობის საქმიანობაში, რაც დეპუტატის მხრიდან სწორი და მართებული საქციელი არ არის. ეს შენიშვნები მან მიიღო. გადაწყვეტილებას მისი პარტიაში ყოფნა-არყოფნის შესახებ, ფრაქცია ვერ მიიღებს, ამაზე პარტიის პოლიტსაბჭომ უნდა იმსჯელოს. მოგეხსენებათ, პარტია 24 ნოემბერს ყრილობას მართავს, სადაც ახალი პოლიტსაბჭო შეიქმნება და აღნიშნულ თემას სწორედ პოლიტსაბჭო განიხილავს. მოგვიანებით ამაზე შეიძლება ფრაქციამაც იმსჯელოს", – თქვა საგანელიძემ.

თავად დავით ლორთქიფანიძე კი ამბობს, რომ მისი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. "სიმართლე გითხრათ, ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო, არ ვიცი. თუ რამეს აპირებენ, იმედია, ჩემს გარეშე არ დააპირებენ. იმედია, მე მკითხავენ მიზეზს და არგუმენტირებულად ყველაფერზე, თუკი რაიმე მიზეზი იქნება, ვუპასუხებ", - თქვა ლორთქიფანიძემ. 

კომენტარები