საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო

სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო მაუწყებლის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებს აპროტესტებს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ხელმძღვანელმა ემზარ გოგუაძემ განაცხადა, თუ პარლამენტი ცვლილებებს დაამტკიცებს, საბჭო გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ემზარ გოგუაძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს სამეურვეო საბჭოს განცხადებაც გააცნო. მასში ნათქვამია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების პირველი ვარიანტით დღეს არსებულ სამეურვეო საბჭოს ჰქონდა იმის შესაძლებლობა და დრო, რომ მიეღო 2013 წლის კორექტირებული და 2014 წლის ბიუჯეტი. ახლა კი, გოგუაძის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი გაურკვეველი ვადით რჩება ხელისუფლების მიერ ხელოვნურად შექმნილ ფინანსურ და სხვა სახის კრიზისში.

„ამ გადაწყვეტილებებით ხელისუფლება და საპარლამენტო უმრავლესობა ცდილობს ხელი დააფაროს და დაიცვას მისთვის ზედმეტად კომფორტული და მონურ მორჩილებაში შესული მენეჯმენტი, აგრეთვე ცდილობს დიდხანს შეინარჩუნოს გენერალური დირექტორის ყოვლად სამარცხვინო და რეტროგრადი მოვალეობის შემსრულებელი თამაზ ტყემალაძე. ამ არაპროგნოზირებად კაცს საპარლამენტო უმრავლესობა ტოვებს საზოგადოებრივი კონტროლის გარეშე და უცნობია, თუ რა სახის კანონდარღვევებს ჩაიდენს იგი. ეს ცვლილებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა, ხელისუფლება ახორციელებს პოლიტიკურ დევნას სამეურვეო საბჭოს ამ პერსონალური შემადგენლობის წინააღმდეგ. იმ ყოვლად ანტიკონსტიტუციურ, ანტიდემოკრატიულ და არასამართლიან ნორმებს, რომელიც დღეს განიხილეს მეორე მოსმენით, ჩვენ დიდი ალბათობით გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში“, - განაცხადა გოგუაძემ და აღნიშნა, რომ ტყემალაძემ არ გაითვალისწინა საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსური მდგომარეობა და 120 ადამიანი დამატებით აიყვანა სამსახურში. მისივე თქმით, აღნიშნული პირები მე-9 არხის ყოფილი თანამშრომლები არიან.

შეგახსენებთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობის დაკომპლექტების საკითხს საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. დოკუმენტის მიხედვით, კანონპროექტი, რომელიც 2013 წლის 12 ივლისს დამტკიცდა, 2014 წლის იანვრის ნაცვლად, 2013 წლის დეკემბერში უნდა ამოქმედდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის განცხადებით, აუცილებელია სამეურვეო საბჭოს ახალი შემადგენლობა შემჭიდროებულ ვადებში დამტკიცდეს. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, საკანონმდებლო ცვლილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ფუნქციონირებას ნორმალურ რეჟიმში დააბრუნებს. შეგახსენებთ, რომ მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში 7 წევრი დარჩა და მათ გადაწყვეტილებების მიღება საკმარისი ხმების არარსებობის გამო არ შეუძლიათ.

კომენტარები