კეზერაშვილის საქმე

წულუკიანი: კეზერაშვილის ექსტრადიციის საქმეზე ფრანგ კოლეგას ვესაუბრე

თეა წულუკიანი

კეზერაშვილის ექსტრადიცია საქართველოში მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის მნიშვნელოვანია, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.

წულუკიანის თქმით, ის ფრანგ კოლეგას თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრა.

"საქართველოს მთავარი პროკურატურა მუშაობს საფრანგეთის სასამართლოსთვის დოკუმენტაციის გაგზავნის საკითხზე. მე მქონდა პატივი მიმემართა ჩემი კოლეგისთვის, საფრანგეთის იუსტიციის მინისტრისთვის და ამეხსნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისთვის კეზერაშვილის ექსტრადიციის განხორციელება. მას შემდეგ რაც საფრანგეთი მიიღებს მასალებს, ჩვენ ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

იუსტიციის მინისტრი დარწმუნებულია, რომ სხვა ძალების მცდელობა კეზერაშვილის გასათავისუფლებად სრული კრახით დასრულდება. თეა წულუკიანის შეფასებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის დასაკავებლად საქართველოს შს სამინისტრომ ფრანგ კოლეგებთან მჭიდროდ ითანამშრომლა და ეს იყო ორმხრივი თანამშრომლობის შესანიშნავი მაგალითი. 

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი საფრანგეთში 14 ოქტომბერს დააკავეს. დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. დავით კეზერაშვილს პროკურატურა ორ ეპიზოდში ედავება - ე.წ. სპირტის კონტრაბანდის და ტელეკომპანია იმედის გასხვისების საქმეებზე, სადაც კეზერაშვილი დედაქალაქის მერ გიგი უგულავასთან ერთად არის ბრალდებული.

კომენტარები