პრეზიდენტის ინაუგურაცია

კარასინი: მარგველაშვილის გამონათქვამები დიდწილად ჩვენს ხედვას ასახავს

გრიგორი კარასინი

რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლები საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობას არ მიიღებენ. როგორც იტარ-ტასთან ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, ამის მიზეზი დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობაა.

"დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის შემთხვევაში შეუძლებელია საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში მონაწილეობა. თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ ინტერესით ვადევნებთ თვალს ქართველი პრეზიდენტის პირველ გამონათქვამებს. მისი აზრები რუსეთ-საქართველოს ურთიერთობათა ნორმალიზაციის შესახებ გვეჩვენება კონსტრუქციულად და დიდწილად ასახავს ჩვენს ხედვას", - განაცხადა კარასინმა და აღნიშნა, რომ მოსკოვში მზად არიან არაფორმალური დიალოგის გასაგრძელებლად საქართველოს პრემიერმინისტრის პირად წარმომადგენელ ზურაბ აბაშიძესთან.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ მოლაპარაკებების შედეგად, ამ დროის მანძილზე მიაღწიეს გარკვეულ შედეგებს.

"აღდგენის პროცესშია სატრანსპორტო მიმოსვლა. საქონელბრუნვამ 516 მილიონ დოლარს გადააჭარბა. რუსეთის ბაზრის ხარჯზე ქართული ღვინის ექსპორტი 43%-ით გაიზარდა", - დასძინა კარასინმა. მისივე თქმით, 21 ნოემბერს პრაღაში აბაშიძესთან მორიგი შეხვედრა გაიმართება.

"ჩვენ ვართ რეალისტები და ამაღლებულ მიზნებს არ ვისახავთ, თუმცა მტკიცედ ვაპირებთ, ორივე ხალხისთვის სასარგებლო სამუშაოები გავაგრძელოთ", - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

საქართველოს არჩეული პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინაუგურაცია 17 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს საგარეო სამინისტროს ინფორმაციით, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის გამო, მოსაწვევი არ გაუგზავნიათ რუსეთის დელეგაციისთვის.

კომენტარები