ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკას შს მინისტრი უშიშროების ”ოდეერის" მეშვეობით მართავს. აღნიშნულის შესახებ მან პარლამენტში, "მაუწყებლის შესახებ" კანონში დაგეგმილი ცვლილებების განხილვისას ისაუბრა. კანონპროექტის თანახმად, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამეურვეო საბჭო პირველ იანვრამდე დაკომპლექტდება. ასევე იცვლება მეურვეთა შერჩევის და არჩევის ვადები და პროცედურები და ის "დროში შემჭიდროებული" ხდება.
თაქთაქიშვილის თქმით, კრიზისი, რომელიც დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელზეა, ქართულმა ოცნებამ ხელოვნურად - ზაფხულში კანონში შეტანილი ცვლილებებით გამოიწვია. მისივე თქმით, წლევანდელი წელი არის პირველი, როცა საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში საზოგადოებრივი მაუწყებელი ყველაზე დაბალანსებულ ტელევიზიად არ არის მოხსენიებული.
"არსებობს ზუსტი ინფორმაცია ადამიანთან დაკავშირებით, რომელიც მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში, არის ე.წ. ოდეერის წარმომადგენელი, რომელიც საბჭოს თავმჯდომარე ემზარ გოგუაძეზე, ასევე საბჭოს წევრ ნინო დანელიაზე ზეწოლას ახორციელებდა და დაჟინებით ითხოვდა გადადგომას", - აღნიშნა თაქთაქიშვილმა და თქვა, რომ მის მიერ ხსენებული "ოდეერი" აქტიურ ურთიერთობაშია არხის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელთან.
თაქთაქიშვილის თქმით, "ოდეერის" წარმომადგენელი დამოუკიდებლად არ მოქმედებდა და დაკვეთას პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, კერძოდ კი, ირაკლი ღარიბაშვილისგან იღებდა.
მაუწყებლის შესახებ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტი დღეს პირველი მოსმენით იხილავს.





