დღევანდელ საქართველოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სულ უფრო მზარდ აქტუალობას იძენს ქვეყანაში პოლიტიკური ძალების კრისტალიზაციის საკითხი. თუკი მოვლენები არა რაიმე სახის აპოკალიფტური სცენარით, არამედ მშვიდად, კონსტიტუციურ ჩარჩოებში წარიმართა, შესაძლოა უახლოეს მომავალში საქართველოში დასავლური ყაიდის – ორპოლუსიანი პოლიტიკური სისტემის ჩამოყალიბების მომსწრე გავხდეთ. და ვინაიდან პოლიტიკურ ძალთა დაყოფა არა „მემარცხენე"-„მემარჯვენეობის", არამედ გეოპოლიტიკური ორიენტაციის ნიშნით გვესახება, ამ პოლუსებზე დიდი ალბათობით „ევროატლანტიკური" და „ევრაზიული" იდეების მომხრეები განთავსდებიან.

უკანასკნელი წლების გამოცდილება ცხადყოფს, რომ „ევრო-ატლანტისტთა" ბირთვს ცალსახად ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები (და მათი მომხრეები) წარმოადგენენ. ხოლო, თუ გავითვალისწინებთ, რომ ორპოლუსიანი სისტემის ძირითადი იდეა პოლიტიკური ძალების ალტერნაციაა, პრინციპული მნიშვნელობა ენიჭება ნაციონალური მოძრაობისა და მისი ბუნებრივი ლიდერის – მიხეილ სააკაშვილის ქმედითუნარიანობას. შესაბამისად, ამ ეტაპზე აუცილებელია 2003-12 წლებში დაგროვილი პოზიტიური გამოცდილებისა და, რაც მთავარია, დაშვებული შეცდომების ანალიზი. ნაციონალური მოძრაობა უკვე დღეიდან უნდა დაფიქრდეს პოლიტიკური მმართველობის და საკომუნიკაციო მექანიზმების ისეთ მოდელზე, რომელიც ჩამოაცილებს მას ერთგვარ „მანიპულატორულ" იმიჯს და თანამედროვე, ჭეშმარიტად დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებულ პარტიად აქცევს. თუმცა, პირველ რიგში, გაწეული საქმიანობის ზედმიწევნით შეფასება თვით მიხეილ სააკაშვილს მოეთხოვება. „მიშას" პოლიტიკური ალღო, სტრატეგიული ხედვა და ფენომენალური შემართება ეჭვგარეშეა. სამაგიეროდ, პრობლემურად გვესახება მისი მმართველობის მეთოდები და საკომუნიკაციო სტილი. ეს ყოველივე საფუძვლიან კორექტირებას საჭიროებს.

იმიჯის ევოლუცია: დამაიმედებელი დასაწყისი...

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Reuters
ვარდების რევოლუციამდე ჯერ კიდევ რამდენიმე წლით ადრე, ახალგაზრდა პოლიტიკოსის, მიხეილ სააკაშვილის გამოჩენა ქართულ პოლიტიკურსა და, შესაბამისად, მედიასივრცეში სულ უფრო მზარდ მასშტაბებს აღწევდა. განახლებისა და განვითარების იმედები ყველაზე ხშირად მას უკავშირდებოდა. წმინდად პოლიტიკური ასპექტების გარდა, ამ სიახლის განცდას სააკაშვილის მკვეთრად კონტრასტული იერსახე ამყარებდა. საბჭოთა ეპოქის გადმონაშთი, მუდამ კოსტიუმ-„ტროიკაში" გამოწყობილი შევარდნაძისა და მისი მმართველობის ძველმოდური სტილისგან განსხვავებით, ჰიპერაქტიური სააკაშვილი ერთგვარი „დასავლურობის" იმიჯს ქმნიდა. თანამედროვე, დინამიკური პოლიტიკოსის შესაფერისად, იმდროინდელი იუსტიციის მინისტრი და შემდგომ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე არასოდეს ერიდებოდა ტელეკამერის წინ ველოსიპედით გასეირნებას, ანდაც ახალი საფეხბურთო მოედნის გახსნისას, უბნის ბიჭებთან ბურთის გაგორებას. ქართულ სინამდვილეში „სპორტსმენი-პოლიტიკოსის" მსგავსი იმიჯი გაუგონარ სიახლეს წარმოადგენდა.

ახლებური იყო 2004 წლის იანვრის შემდეგ აწ უკვე პრეზიდენტი სააკაშვილის მმართველობის სტილიც. პოლიტიკის სოციოლოგიისა და კომუნიკაციების სოლიდური მცოდნე პრეზიდენტი, თითქოს მიჰყვებოდა ნიკოლო მაკიაველის რჩევა-დარიგებას: „წელიწადის შესაფერის დროებში, მთავარმა უნდა გაართოს ხალხი წვეულებებითა და წარმოდგენებით. ის დროდადრო უნდა გამოჩნდეს ხოლმე ამ შეკრებებზე, დიდსულოვნებისა და ბრწყინვალების თვალსაჩინოება მოახდინოს..." კონცერტებისა და თეატრალიზებული წარმოდგენების სიუხვეს, რომელთა ხშირი სტუმარი თავად „მიშა" იყო, სწორედ „მთავარისა" და ხალხის ერთობა უნდა ეჩვენებინა, მმართველის საკუთარ ქვეშევრდომებთან სიახლოვის დემონსტრირება მოეხდინა.

პირველ ხანებში შთაბეჭდილება მართლაც ასეთი რჩებოდა. ხალხის მასას ძირითადად მოსწონდა ახალგაზრდა პრეზიდენტის თავის რიგებში ხილვა. თუმცა, როგორც ცნობილია, დროთა განმავლობაში ძალაუფლება თუ არ რყვნის, ყოველ შემთხვევაში – ღლის. ძალაუფლება ღლის როგორც პოლიტიკოსს, ასევე ამომრჩეველს.

... და დამთრგუნავი გაგრძელება

რაც დრო გადიოდა, პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის სტილი თანდათანობით სულ უფრო ემსგავსებოდა ახლოაღმოსავლელი „რაის"-ების ყაიდაზე უფროსობას. ადრინდელი სიხალასე და სპონტანურობა ერთპიროვნული მმართველის დომინანტმა იერსახემ შეცვალა. ეს, პირველ რიგში, გარეგნულ ნიშნებში აისახებოდა. მრავალრიცხოვანი სამშენებლო ობიექტების გახსნისას თუ დათვალიერებებისას, ვხედავდით ხოლმე ნაცნობ სურათს: მკაცრ, მუქი ტონის კოსტიუმ-ჰალსტუხებში მყოფი ჩინოვნიკების ამალას წინ მიუძღოდა კომფორტულად – ჯინსებსა და ქურთუკში, ხანაც თეთრ, საზაფხულო კოსტიუმში გამოწყობილი სააკაშვილი. ამით პრეზიდენტი თითქოს ხაზს უსვამდა საკუთარ განსაკუთრებულობას, ამაღლებას მხლებელთა „მასაზე". მსგავსი იმიჯი უკიდურესად იშვიათია დასავლურ სამყაროში. ასეთ სცენებს უფრო სადამის, კადაფის, ბენ ალის და სხვების აზიური ტიპის საზოგადოებებში ვხვდებოდით.

„სპორტსმენი-პრეზიდენტის" იმიჯმაც თვალსაჩინო დაკნინება განიცადა. წლების განმავლობაში სააკაშვილი ფიზიკურად დამძიმდა: სპორტული იერის ახალგაზრდა ერთობ მასიურმა მამაკაცმა ჩაანაცვლა. ამ ფონზე ტელეკამერების წინაშე სპორტული აქტიურობა მთლად საამური სანახაობა ვეღარ იყო (განსაკუთრებით, ყინულის მოედანზე მისი ციგურებით გასრიალებები, სულაც გროტესკულ სცენად იქცეოდა ხოლმე).

ცალკე თემაა მკაცრი კონტროლის დაწესება ელექტრონულ მედიაზე და ქართული ტელეარხების მიერ პოლიტიკური მოვლენების გაშუქების სტილი. როდესაც საპარლამენტო არჩევნებზე ნაცმოძრაობის მარცხის მიზეზებზე მსჯელობდა, კახა ბენდუქიძემ სამართლიანად აღნიშნა – ახალგაზრდა ქართველი ამომრჩევლის მეხსიერებას წარსულის ნეგატივი (უშუქობა, კორუფცია, ქურდული სამყარო) არაფერს ეუბნება და მათ ძველის და ახლის შედარებას ვერ მოვთხოვთო. იმის მიზეზი, რომ პირველ ოქტომბერს ქართველმა ახალგაზრდებმა არჩევანი მასიურად ოცნების სასარგებლოდ გააკეთეს, სააკაშვილისა და სხვა ნაციონალების სრულიად უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდებშიც უნდა ვეძებოთ. თანამედროვე ცხოვრების გლობალიზაციისა და აწ უკვე ციფრული ტელევიზიის პირობებში ხომ ცხადია, რომ ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადართოს სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებებზე და იხილოს ობამას, კამერონის, მერკელისა და სხვა დასავლელი პოლიტიკოსების საკომუნიკაციო სტილი. როგორც ჩანს, ქართული ოცნების მესვეურებმა სწორი დასკვნა გამოიტანეს ყოველივედან, ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა კი ეს ვერ შეძლეს!

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Reuters
სავალალოა, მაგრამ მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი პრეზიდენტობის მხოლოდ უკანასკნელ წელს წამოიწყო უშუალო და არაპომპეზური სატელევიზიო შეხვედრების გამართვა სხვადასხვა არხის ჟურნალისტებთან. რა უშლიდა ხელს ისეთივე პრესკონფერენციების მოწყობაში, როგორსაც რეგულარულად გვთავაზობს ბიძინა ივანიშვილი? და თუ დღევანდელი პრემიერი საკუთარმა პოლიტიკურმა უმწიფრობამ აშკარად არასახარბიელო სიტუაციაში ჩააგდო ჟურნალისტებთან უკანასკნელი შეხვედრისას, სააკაშვილის პოლიტიკური ალღო და გამოცდილება მას სავარაუდოდ ააცილებდა მსგავს ფიასკოს. თუმცა, პრობლემა ის არის, რომ სააკაშვილს ერჩივნა არ გაერისკა. ის მართლაც რომ საბჭოური სტილით დადგმული სატელევიზიო სპექტაკლებით შემოიფარგლებოდა და აქტუალურობის მოჩვენებით განხილვას ამჯობინებდა.

ამ, უხეირო პიარსისტემის მიზეზი ისევ სახელმწიფოს მართვის ერთპიროვნულ მანერაში უნდა ვეძებოთ. სააკაშვილი არასოდეს განიცდიდა კვალიფიციური, პოლიტკომუნიკაციების შესანიშნავად მცოდნე (როგორც ქართველი, ასევე უცხოელი) კონსულტანტების დეფიციტს. მაგრამ, საქმე ის არის, რომ მათ, როგორც ჩანს, ბევრს არაფერს ეკითხებოდნენ. სხვა მხრივ, სრულიად წარმოუდგენელია, რომ ისეთ ხალხს, როგორც დენიელ კუნინი და რაფაელ გლუქსმანია (პრეზიდენტის თანაშემწეები სხვადასხვა დროს) სააკაშვილისთვის კომუნიკაციების ეს მართლაც ბრეჟნევისეული სტილი შეეთავაზებინათ.

ვიდეოთვალთვალის ყოვლისმომცველი ჟინი

ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას საოცარ პროპორციებს აღწევდა ფარული გადაღებების დემონსტრირება ეროვნულ ტელეარხებზე. ხშირ შემთხვევებში ეს მართლაც სახელმწიფო უსაფრთხოების საჭიროებიდან გამომდინარეობდა, მაგრამ იყო შემთხვევები, როდესაც ფარული გადაღება აშკარად პოლიტიკური დაკვეთის ნიშნებს ატარებდა. რა აუცილებლობა იყო, მაგალითად, პარლამენტარ კობა ბექაურის შეგზავნა ფარული კამერით ჟურნალისტ შალვა რამიშვილთან და ამ უკანასკნელის დატუსაღება? ანდაც, კობა დავითაშვილის „ნა ვერწელე" ეპიზოდი, ნუთუ სახელმწიფო უსაფრთხოების რაიმე იმპერატივებით იყო ნაკარნახევი?
მაგრამ, ამ თვალსაჩინო გადაცდომების მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილის გადამწყვეტი როლი თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობაში სრულიად აშკარაა.

ქვეყნის სუვერენიტეტისა და სახელმწიფო სტრუქტურების უპრეცედენტო განმტკიცება

სააკაშვილის მმართველობისას ქვეყანაში ამოქმედდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ჯერ არნახული კონცეპტუალური მოდელი. თუმცა მეტ-ნაკლები წარმატებითა და მტკივნეული მიმდინარეობით, ხელისუფლებამ მოსახლეობას საზოგადოებრივი ხელშეკრულების ისეთი ფორმა შესთავაზა, რომელიც მოქმედებს დასავლეთ სამყაროს უკლებლივ ყველა ქვეყანაში და მოქალაქის მხრიდან პირადი კომფორტის ნაწილის დათმობის სანაცვლოდ, სახელმწიფო პროტექციის გამყარებას გულისხმობს. ეს, პირველ ყოვლისა, კრიმინალის თვალსაჩინო შემცირებაში აისახა, თუმცა საქართველო, მოსახლეობისა და პატიმართა რაოდენობის პროპორციული შეფარდებით, ევროპის „მოწინავე" ქვეყნად იქცა.

მიხეილ სააკაშვილი
ფოტო: Reuters
ამავე დროს, სახელისუფლებო სტრუქტურებისა და ინსტიტუტების განმტკიცებამ საშუალება მისცა მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას, ეწარმოებინათ სუვერენული, სხვისი ნებისგან დამოუკიდებელი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა. თუ მენშევიკების ამორფულ მმართველობას არ მივიღებთ მხედველობაში (პრეზიდენტ გამსახურდიას ხანაში ქვეყანას ჯერ არ ჰქონდა დე იურე დამოუკიდებლობა მოპოვებული), პირველად მრავალი საუკუნის განმავლობაში, ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება არა თეირანში, სტამბოლში, მოსკოვსა თუ (გავრცელებული აზრის მიუხედავად) ვაშინგტონში, არამედ სწორედ რომ თბილისში მიიღებოდა. შესაბამისად, ქვეყნის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა ნაციონალურ ინტერესებს და არა მსხვილ მეზობელ სახელმწიფოთა ნება-სურვილებს. ყოველივემ შექმნა ის პრეცედენტი, რომელიც ამა თუ იმ მოსალოდნელი გეოპოლიტიკური კომპოზიციების მიუხედავად, ეროვნული ღირსების ნიმუშად დარჩება თვალმისაწვდომ მომავალში.

პრაქტიკულად ანალოგის გარეშეა სააკაშვილის დროს განხორციელებული ქვეყნის მოდერნიზაციის პროცესიც. უკვე ესოდენ მობეზრებულ, მსოფლიო ბანკისა და სხვა მსგავსი ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეიტინგებს თავი რომ დავანებოთ, საკმარისია ჩატარდეს მცირე ექსპერიმენტი – ამა თუ იმ საავტომობილო საშუალებით მოეწყოს ექსკურსია მეზობელ სომხეთში 20-30 კილომეტრის სიღრმეში გასეირნებით. ამ შემთხვევაში, დაინტერესებული პირი იხილავს, სულ მცირე, „პერესტროიკის" ეპოქის საბჭოთა კავშირს: ყოველ მოსახვევში ჩასაფრებულ „გაიშნიკებს", მოფამფალებულ საბჭოურ ავტომობილებს, გეოგრაფიული დასახელებებისა და ნებადართული სიჩქარის მანიშნებელი დაფების სრულ არარსებობას, გზის პირას მიტოვებულ და გამოშიგნულ ქარხნებს, ადგილობრივების დუხჭირ ნაგებობებს და ა.შ. შემდეგ კი, სადახლოს გამშვები პუნქტიდან საქართველოს საზღვრის უკან გადმოკვეთისას კონტრასტი იმდენად თვალსაჩინოა, რომ პირველივე მსხვილი დასახლებული პუნქტი, მარნეულიც კი თანამედროვე ევროპულ ქალაქად მოგვეჩვენება. სწორედ მსგავსი შედარება დაგვანახებს, თუ რა ტემპით მოხდა ქვეყნის მოდერნიზაცია და რა განსხვავებაა ამ მხრივ შევარდნაძის დროინდელსა და სააკაშვილის დროინდელ საქართველოს შორის.

ფაქტია, რომ თანამედროვე ქართული სახელმწიფო შედგა სწორედ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის პირობებში. თუმცა, სამწუხაროდ, სახელმწიფოს ჯერ არნახულმა მომძლავრებამ გარკვეული ნეგატიური მხარეებიც გამოაჩინა...

სახელმწიფოს მომძლავრებით გამოწვეული უკუეფექტი

2013 წლის თებერვალში, უკვე რეალურ ძალაუფლებას ჩამოშორებულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა გააკეთა საოცარი განცხადება ჟურნალისტ ეკა კვესიტაძესთან ინტერვიუში: „ელიავას ბაზრობაზე ჯიხურის მეპატრონე როდესაც პროვოკაციით მოყავდა (ძალოვნების წარმომადგენელს) და ამაში პროკურატურა იყო გარეული, ეს, რა თქმა უნდა, ბოროტად გამოყენება იყო ძალაუფლების. ერთი მხრივ, ჩვენ გვინდოდა ბიუჯეტის გათეთრება, მაგრამ, მეორე მხრივ, მადა ჭამაში მოდისო და პროკურატურას გაუჩნდა ეს ინსტინქტი – მეტი შემოსავალი ბიუჯეტში". ამ განცხადებით სააკაშვილმა ფაქტობრივად აღიარა, რომ პროკურატურა არღვევდა კანონს, ის გადაქცეული იყო კვაზიკრიმინალურ სტრუქტურად, რომელიც ნებისმიერი მეთოდით სძალავდა ფულს კერძო მეწარმეს. ყოველივეს გამართლება იმ გარემოებით, რომ „... ასაშენებელი გვქონდა თელავის ცენტრი, ბათუმში და ქუთაისში რაღაცები გასაკეთებელი", ცხადია, ვერაფერი არგუმენტია ბიზნესით დაკავებული ხალხისთვის. შესაბამისად, ნაციონალური მოძრაობის მმართველობისას საქმიან წრეებში არსებობდა სახელმწიფოს წინაშე ისტერიული შიში. განცდა იმისა, რომ რაიმე ჭანჭიკის გამო შეიძლება უმოწყალოდ დაგაჯარიმონ ან, სულაც, ციხეში გიკრან თავი.


ფოტო: Reuters

ესაა ხელისუფლების უფლებამოსილების გადამეტების უაღრესად საშიში მაგალითი. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა ამასწინათ, რომ სააკაშვილის მმართველობისას მოხდა დასავლური იდეის დისკრედიტაცია. სხვა ამბავია, რომ ქ-ნი სალომე, თავის მხრივ, სისტემატური ინსინუაციებით ხელისუფლებისა და იმავდროულად საკუთარი ქვეყნის დისკრედიტაციას ეწეოდა, მაგრამ მის მოსაზრებაში არსებობს ჭეშმარიტების მარცვალი. მეტიც: სააკაშვილის მმართველობისას, ცხადია უნებლიეთ, მაგრამ მოხდა ეროვნული სუვერენიტეტის იდეის დისკრედიტაციაც. ცალკეულ მოქალაქეებს გაუჩნდათ საკუთარი სახელმწიფოს წინაშე დაუცველობის შეგრძნება და, შესაბამისად, ყოველივემ გამოიწვია მტრის იერსახის აღრევაც. დაისადგურა ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული აგრესიული პოლიტიკისადმი ერთგვარმა გულგრილობამ – „თუ ჩვენივე ხელისუფლება ამას გვიკეთებს, რუსმა რაღა უნდა გვიქნას უარესი?".

სამომავლო იმპერატივი: კონსტიტუციის ფარგლებში მოღვაწე სააკაშვილი

ხსენებულმა შეცდომებმა და სახელმწიფოს ერთპიროვნულ ყაიდაზე მართვამ გამოიწვია ნაციონალური მოძრაობის მტკივნეული პოლიტიკური მარცხი. მდგომარეობა საგანგაშო შეიქმნა: „მეოცნებეთა" გაუბედავმა და ხშირ შემთხვევაში კაპიტულანტურმა საგარეო პოლიტიკამ დარტყმის ქვეშ დააყენა ქვეყნის სუვერენიტეტის სიმტკიცე. სტატისტიკურ მონაცემთა მიხედვით, ეკონომიკა კოლაფსის წინაშეა. განსხვავებული მსოფლმხედველობისა და მოტივაციის მქონე კოალიციის სუბიექტებს სულ უფრო გაუჭირდებათ ერთიანობის შენარჩუნება. თანაც, უხვად გაცემული წინასაარჩევნო დაპირებების შეუსრულებლობა უკვე იქცა ამომრჩევლის უკმაყოფილების მიზეზად და, სავარაუდოდ, ეს პროცესი გაგრძელდება.

მეორე მხრივ, ბოლო დროის მოვლენები ცხადყოფს, რომ ნაციონალური მოძრაობა არათუ დაიშალა, არამედ მისი რიგები ახალი წევრებითაც ივსება. მყარი იდეოლოგიის, ზუსტი ორიენტირებისა და სოლიდური სტრუქტურების მქონე პარტია აუცილებლად გაუწევს კონკურენციას არსებულ ხელისუფლებას უახლოეს წლებში. და უნდა ვივარაუდოთ, რომ სამომავლო ბატალიები კვლავ მიხეილ სააკაშვილის ხელმძღვანელობით წარიმართება.

შესაძლოა, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ მისი მმართველობის დროს ქვეყნის მოდერნიზაციისა და სახელისუფლებო ინსტიტუტების განმტკიცების შთამბეჭდავ მასშტაბებს თუ მივიღებთ მხედველობაში და გარკვეულ პარალელებსაც გავავლებთ თანამედროვე სახელმწიფოს მშენებლობის მსგავს პრეცედენტებთან, მიხეილ სააკაშვილი უახლესი ისტორიის თვალსაჩინო ფიგურების – მუსტაფა ქემალის, დავიდ ბენ-გურიონის და კარლ მანერჰაიმის საზოგადოებაში შეიძლება მოვიაზროთ. თუმცა, მას თავისი ისტორია ჯერ კიდევ დასაწერი აქვს. თანდაყოლილი პოლიტიკური ალღო, შეუპოვრობა და ისტორიის წინაშე საკუთარი როლის შეგრძნება ის კომპონენტებია, რომლებიც უსათუოდ შეუწყობენ ხელს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებას ქართული პოლიტიკის ავანგარდში. „მიშა" დაბრუნდება. მაგრამ, ამჯერად, ჩვენ დაგვჭირდება ბევრად უფრო დაბრძენებული, ტოლერანტული და, რაც მთავარია, კონსტიტუციური უფლებამოსილებების ფარგლებში მოღვაწე „მიშა".

კომენტარები