ვენესუელა

ვენესუელას მთავრობამ მაღაზიებთან ფასების კონტროლისთვის სამხედროები განათავსა

Reuters.com

ვენესუელას მთავრობამ ელექტრონული საქონლის მაღაზიების ქსელებთან სამხედროები განათავსა და მათ პროდუქტების, ხელისუფლების მიერ დაწესებული დაბალი ფასით გაყიდვის უზრუნველყოფა დაავალა.

ვენესუელას პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს თქმით, მაღაზიათა მეპატრონეები ფასებს ხელოვნურად ზრდიან და ეკონომიკის ნორმალურ განვითარებას აფერხებენ. დაკავებულები არიან  მსხვილი ელექტრონული საქონლით მოვაჭრე მაღაზიათა მენეჯერები, მათ შეთქმულებაში ადანაშაულებენ.

პრეზიდენტი მადურო ამ ღონისძიებებს "ინფლაციასთან ბრძოლას" უწოდებს. ვენესუელის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა, რომ მხოლოდ ოქტომბერში ფასები ქვეყანაში გაიზარდა 5 პროცენტით, წლის მაჩვენებლებით კი ეს ზრდა 54 პროცენტს შეადგენს.

მაღაზიების შესასვლელებთან უკვე მეორე დღეა გრძელი რიგები დგას, ვენესუელელები  ელექტრონულ საოჯახო საქონელს 75 პროცენტიანი ფასდაკლებით ყიდულობენ.

ვენესუელაში დოლარის ოფიციალური კურსი ერთ დოლარზე 6,3 ბოლივარია, თუმცა ქვეყანაში მხოლოდ შეზღუდული რაოდენობის ვალუტის რეალიზაციაა შესაძლებელი, შავ ბაზარზე კი დოლარის კურსი 60 ბოლივარამდე ადის. შედეგად იმპორტირებულ საქონელზე კერძო მაღაზიებს მაღალი ფასის დადება უწევთ, რასაც მთავრობა ეწინააღმდეგება და ფასების ხელოვნურად დაწევას ითხოვს. 

 

კომენტარები