ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად შეჩერებულია. ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა. "ეკონომიკური ზრდა მესამე კვარტალში 1,3%-ია, წლიური ზრდა მაქსიმუმ 2,5% შეიძლება იყოს, რაც იმას მიუთითებს, რომ ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა პრაქტიკულად გაჩერებულია. წლის დანაკლისი ნახევარი მილიარდიდან 1 მილიარდამდე იქნება. მთავრობას აუცილებლად მოუწევს ხარჯების შეცვლა. ჩვენი გათვლებით შეკვეცა ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს შეეხება", - განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტი 6%-იან ზრდაზეა გათვლილი, რაც არარეალურია. "მომავალი წლის ვალდებულებების შესრულებას 400 მილიონი შიდა ვალი დასჭირდება, ეს თანხები ძირითადად საჭირო იქნება საყოველთაო ჯანდაცვასა და გაზრდილი პენსიისთვის. სოციალური ვალდებულებების დაფინანსება სესხით ძალიან ცუდია. ჩვენ ვაფრთხილებდით მთავრობას პრობლემებზე, თუმცა ეს ნაციონალური მოძრაობის ახირება ეგონათ", - განაცხადა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაადასტურა, რომ შემოსავლების გარკვეულ ნაწილში, შესაძლოა 2013 წლის ბიუჯეტი ვერ შესრულდეს.




