წულუკიანი და კანდელაკი

წულუკიანი BBC-ზე: არ არსებობს გადაწყვეტილება სააკაშვილის დაკითხვის შესახებ

თეა წულუკიანი

ტელეკომპანია BBC-ის ეთერში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა და ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმა ისაუბრეს. ჟურნალისტის კითხვას, იგეგმება თუ არა პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვა მას შემდეგ, რაც ის პოსტს დატოვებს, წულუკიანმა უპასუხა, რომ დღეს არ არსებობს გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ სააკაშვილს პროკურატურაში მისვლა მოუწევს. წულუკიანმა საპრეზიდენტო არჩევნებზეც ისაუბრა.

”წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ბევრმა ქართველმა გადაწყვიტა, თუმცა, აქტივობა არ იყო ისეთი მაღალი, როგორც გასულ წელს. საპარლამენტო არჩევნებზე ყველამ იცოდა, რომ პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ჩვენ უნდა შეგვეცვალა ხელისუფლება არჩევნების გზით. ამჯერად, ორი დღის წინ პრეზიდენტი შეიცვალა ასევე მშვიდობიანი გზით. ამომრჩეველთა აქტივობა მაინც საკმაოდ მაღალი იყო. მე არ ვარ პროკურორი და ვერ გეტყვით, რა კითხვები შეიძლება ჰქონდეს პროკურატურას ვინმეს მიმართ, თუმცა, რაც ზუსტად ვიცი, არის ის, რომ როცა საქმე ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს, ყოფილ შინაგან საქმეთა მინიტრს, მის წინააღმდეგ სერიოზული ბრალდებები არსებობს, მათ შორის, მკვლელობის საქმეზე. ჩვენ არ გვაქვს წინასწარ მიღებული გადაწყვეტილებები ვინმეს დაკავებაზე. დღეს არ არსებობს არანაირი გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ბატონ სააკაშვილს მოუწევს პროკურატურაში მისვლა. ერთი წელია, ჩვენი მთავრობა ცდილობს ურთიერთობების დალაგებას რუსეთთან. მიუხედავად ამისა, წინააღმდეგობას გავუწევთ რუსეთის მხრიდან ნებისმიერი სახის ზეწოლას, რომ საქართველომ გადაუხვიოს ევროპულ გზას. მიხარია, რომ გვყავს ახალი პრეზიდენტი, რომელსაც შეეძლება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწეროს ხელი. ეს არის ევროპული არჩევანი, რომელსაც ქართველმა ხალხმა მისცა ხმა”, - თქვა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრმა ასევე ქვეყნის სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრა. ”ჩვენ გვაქვს მომავალზე ორიენტირებული სტრატეგია, სასამართლო სისტემის და ინსტიტუტების რეფორმირება. წინა მთავრობისგან განსხვავებით, ჩვენ გვინდა შევქმნათ ინსტიტუტები, რომლებიც არ არიან დამოკიდებული პიროვნებებზე. საქართველოში ხელისუფლებები იცვლებიან, თუმცა, რჩება ევროპული სტილის დემოკრატიული სისტემა”, - აღნიშნა წულუკიანმა.

საპრეზიდენტო არჩევნებზე ნაციონალური მოძრაობის წევრმა გიორგი კანდელაკმაც ისაუბრა. ”ამომრჩეველთა აქტივობა საპრეზიდენტო არჩევნების კვალობაზე ძალიან დაბალი იყო. ვფიქრობ, მთავარი შეკითხვა არის ის, იქნება თუ არა საქართველო პირველი ქვეყანა ბალტიის ქვეყნების გარეთ, რომელიც შეძლებს კონსოლიდირებული დემოკრატიის შექმნას და გახდება თუ არა ევროპული ოჯახის სრულუფლებიანი წევრი, რასაც საფრთხედ აღიქვამს ბატონი პუტინი”, - თქვა კანდელაკმა.

BBC-სთან საუბარში კანდელაკი ნაციონალური მოძრაობის წევრების დაკავებებსაც შეეხო.

”ვფიქრობ, გასულ წელს ივანიშვილის მთავრობამ მანდატი გამოიყენა არა პოლიტიკური მართვისთვის, არამედ შურისძიებისთვის. მაგალითად, ჩვენი პარტიის გენერალური მდივნის პროცესი, ასევე ჩვენი პარტიის ათასობით წევრს რეგულარულად უწევდა დაკითხვებზე სიარული. პოლიტიკოსების წინასწარი დაკავება არ არის სტანდარტი, რომელსაც დემოკრატიული ქვეყნები მისდევენ. ბატონი მერაბიშვილის წინააღმდეგ არ არსებობს ვერდიქტი. ჩვენი საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის სიტყვა იყო დასავლური დემოკრატიული ტრადიციების შესაფერისი და მან მთავრობას თანამშრომლობა შესთავაზა. ჩვენ სიამოვნებით ვითანამშრომლებთ მათთან, რაც ისევ ქვეყანას წაადგება. ბატონმა ივანიშვილმა კი ამ დაკავებებით, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ თუ არ შეიცვლით რიტორიკას, უმრავლესობა ციხეში მოხვდებით”, - თქვა კანდელაკმა.

კომენტარები