არჩევნები 2013

ვაშაძე: გვაქვს ვიდეომასალა, როგორ იღებს იორმუღალოში კომისიის თავმჯდომარე ფულს

გიორგი ვაშაძის Facebook-ს გვერდი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით, ქართული ოცნება ცდილობს გამოიყენოს მოსახლეობის დაბალი აქტივობა და ე.წ. კარუსელი დაატრიალოს. როგორც საგანგებო ბრიფინგზე გიორგი ვაშაძემ თქვა, არსებობს ვიდეომასალა, როგორ იღებს იორმუღალოში კომისიის თავმჯდომარე ფულს.

"ცალსახაა, რომ დღევანდელ არჩევნებზე დაბალი აქტივობაა, მიუხედავად ამისა, გაცილებით მეტი დარღვევა და გაცილებით მეტი საჩივარია წლევანდელ არჩევნებზე, ვიდრე 1 ოქტომბრის არჩევნების დროს დაფიქსირდა. ეს არის სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მაჩვენებლები. თუმცა ჩვენ მაინც ვცდილობთ, რომ არ მოვაწყოთ სკანდალი და არჩევნები ნორმალურ ჩარჩოში ჩაჯდეს", – განაცხადა ვაშაძემ და აღნიშნა, რომ დარღვევების ყველაზე დიდი რაოდენობა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ ქუთაისში დააფიქსირა.

"დაფიქსირდა დარღვევები ვაკის რაიონში, კრწანისში, გლდანში. ქუთაისში 9 უბანზე 17 საჩივარია დაწერილი, ძირითადად, იმის გამო, რომ ადამიანები უკვე მარკირებით მიდიან. სიტუაცია საგანგაშოა იმ უბნებზე, სადაც სავარაუდოდ ჩვენ ვიგებთ, მაგალითად ზესტაფონში შევარდა ადამიანი და დაამტვრია ხმის მიცემის ყუთი. შეინიშნება სხვადასხვა ჯგუფების მობილიზება ისეთ უბნებთან, სადაც სავარაუდოდ უპირატესობა გვაქვს. ამიტომ მინდა ვთხოვო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, გაამახვილონ ყურადღება, არავის არ უნდა მივცეთ კარუსელის დატრიალების და უბნების შედეგების გაუქმების საშუალება", – განაცხადა ვაშაძემ. მისივე თქმით, დარღვევის ყველა ფაქტთან დაკავშირებით არსებობს ვიდეომასალა, თუმცა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დამკვირვებლები ვერ ტოვებენ უბნებს და ჯერჯერობით, ვიდეოების მოწოდება ვერ ხერხდება.

"არის მოსყიდვის ფაქტები და დეტალურად გაჩვენებთ ვიდეოებს, როგორ აძლევენ ფულს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს იორმუღალოში. მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, გააფრთხილონ აქტივისტები - ნუ ჩაიდენენ უკანონობას და ნუ შეეცდებიან პროცესის ჩაშლას", – განაცხადა ვაშაძემ.

კომენტარები