ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონი

შსს: მესაზღვრეს არ ჰქონდა ჟერარ დეპარდიეს შეჩერების უფლება

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ფრანგ მსახიობს ჟერარ დეპარდიეს პასპორტში აფხაზეთში ყოფნის დამადასტურებელი შტამპი არ ჰქონდა და მას საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა შეეძლო. 

"დეპარდიეს პასპორტს არ ჰქონდა შტამპი, რითაც დადასტურდებოდა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზეა ნამყოფი, შესაბამისად, მესაზღვრეს არ ჰქონდა მისი შეჩერების უფლება უფლება.  იურიდიულად უნდა არსებობდეს პირის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ ის მართლა არის ნამყოფი აფხაზეთის ტერიტორიაზე. მას პასპორტი ამ შემთხვევაში სუფთა ჰქონდა", - აცხადებს შს პრესსამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი.

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თქმით კი, საქართველოს ხელისუფლება ფრანგი მსახიობის საქართველოში სტუმრობის საკითხს შეისწავლის. მისი განმარტებით, ხელისუფლება სწორედ ფაქტების შესწავლის შემდეგ გადაწყვეტს,  რა რეაგირებას მოახდენს ჟერარ დეპარდიეს საქართველოში სტუმრობასთან დაკავშირებით. 

"ამ მდგომარეობას შესწავლა სჭირდება. ჟერარ დეპარდიე არ არის ადამიანი, რომელთან მიმართებაში საქართველომ ან ნებისმიერმა სხვა ქვეყანამ შეიძლება ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღოს, ამიტომ ფაქტებს შევისწავლით და შემდეგ მოახდენს ხელისუფლება შესაბამის რეაგირებას. კანონი არის ყველასთვის ერთი", - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ცნობისთვის, ჟერარ დეპარდიე  ბაქოში თბილისის გავლით გაემგზავრა. ის რესტორან პურის სახლშიც იმყოფებოდა. 

დეპარდიე 2013 წლის ზაფხულში ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე, სოხუმში იმყოფებოდა. მან ამით ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია. ფრანგ მსახიობს აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის მეთაურმა ალექსანდრ ანქვაბმა უმასპინძლა. მსახიობის განცხადებით, "აფხაზეთი პატარა შესანიშნავი ქვეყანაა".

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ჟერარ დეპარდიეს რუსეთის მოქალაქეობა მიმდინარე წლის დასაწყისში მიანიჭა და რუსული პასპორტი გადასცა. დეპარდიემ საფრანგეთის ახალი პრეზიდენტის საგადასახადო რეფორმების გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ფრანგული პასპორტის ჩაბარება გადაწყვიტა.

კომენტარები