სოჭის ოლიმპიადა

ვაშინგტონში პოლიტოლოგებმა სოჭის ოლიმპიადაზე იმსჯელეს

სოჭის ოლიმპიადა იყო ერთ-ერთი მთავარი თემა ვაშინგტონში, დემოკრატიის ეროვნულ ფონდში გამართულ დისკუსიაზე, რომელშიც რუსმა და ამერიკელმა ჟურნალისტებმა და პოლიტოლოგებმა მიიღეს მონაწილეობა. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ცნობით, შეხვედრაზე რუსეთში არსებულ კორუფციაზე, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე, დამოუკიდებელი მედიისა და ოპოზიციის დევნაზე იმსჯელეს.

დისკუსიაზე მიხაილ ხოდორკოვსკის შვილმა პაველ ხოდორკოვსკიმ აღნიშნა, რომ სოჭის ოლიმპიადა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულია - მასზე 51 მილიარდი დოლარია დახარჯული, რაც კრემლის პოლიტიკური ინტერესებით არის განპირობებული.  

"თებერვალში მედიის ყურადღება რუსეთზე იქნება ფოკუსირებული და კრემლში ფიქრობენ, რომ ეს მათთვის დიდი სიამაყის მომენტი იქნება. პუტინს სურს რუსეთი მსოფლიო ლიდერად წარმოაჩინოს. ამ გეგმის ნაწილია გეოპოლიტიკური ბერკეტები, ნავთობისა და გაზის ექსპორტი, მოლაპარაკებები სირიის კონფლიქტის გარშემო. პუტინის აზრით, სოჭის ოლიმპიადამ რუსი ხალხი უნდა დაარწმუნოს, რომ ქვეყანა წინ წავიდა", - განაცხადა ხოდორკოვსკიმ.

თავის მხრივ, რუსმა პოლიტოლოგმა ვლადიმირ კარა-მურზამ დასავლელი ლიდერების მიერ ოლიმპიადის პოლიტიკურ ბოიკოტს დაუჭირა მხარი. მისი თქმით, "პუტინს სურს დასავლეთის   ლიდერები უღიმოდნენ და ხელს ართმევდნენ. რუსული ოპოზიცია და რამდენიმე ევროპარლამენტარი კი გამოდიან ინიციატივით, მოახდინონ ზეწოლა ევროპელ ლიდერებზე, რათა ისინი სოჭში არ ჩავიდნენ და პუტინის გვერდით არ დასხდნენ".

კარა-მურზას განცხადებით, დასავლელი ლიდერების დასწრება სოჭის ოლიმპიადაზე "იქნება დე ფაქტო მხარდაჭერა იმისა, რასაც პუტინი აკეთებს - მათ შორის, პოლიტიკურად მოტივირებული სასამართლო პროცესების, მედიაზე ზეწოლის და გაყალბებული არჩევნების მიმართ". მისი თქმით, საუბარი არაა თამაშების ბოიკოტზე, საუბარია უარის თქმაზე ოლიმპიადაში პოლიტიკურ მონაწილეობაზე, როგორც ეს უკრაინაში, საფეხბურთო ჩემპიონატის დროს რამდენიმე ევროპელმა ლიდერმა გააკეთა.  

კომენტარები